9 კლინიკის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს მიმართეს. კლინიკების ხელმძღვანელები მიმართვას ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მათ საავადმყოფოებს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა და ახლა ისინი სერიოზულ კრიზისს განიცდიან.
ასევე, კლინიკების ხელმძღვანელების თქმით, გეგმიურმა მომართვიანობამ და გეგმიურმა ოპერაციებმა იკლო. ხელმძღვანელები მინისტრებს მიმართავენ თხოვნით, მოხდეს გარკვეული ტარიფების გადახედვა და გადავადება.
მიმართვას ხელს აწერენ "ჯოენის" ცენტრი, "ნიუ ჰოსპიტალსი", ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა, "გული", ანზორ მელიას კლინიკა და ასევე სხვა დაწესებულებები. სულ 9 კლინიკაზეა საუბარი.
"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში იგეგმება მორიგი ცვლილებების შეტანა, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება კლინიკებს, ისევე როგორც ეს მოხდა 520-ე დადგენილების მიღების შემდეგ. ასევე უნდა ამოქმედდეს სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობებში რეგულაციების ახალი პაკეტი. ამ ნორმატიული აქტით განისაზღვრა ახალი პირობები, რომელიც ავალდებულებს სტაციონარის ტიპის დაწესებულებებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავიანთი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.
ეს საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მსგავსი ცვლილებების განხორციელება მოკლე ან გრძელვადიანი ბიზნეს გეგმების ან პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს 2020 წელს დაგეგმილი სამედიცინო ჩარევებზე ტარიფების ცვლილებების გადავადება, 520-ე დადგენილების ტარიფების გადახედვა და ასევე 2021 წლიდან ასამოქმედებელი პირობების გადავადება 2022 წლის 1 იანვრამდე, რათა ჰოსპიტალურ სექტორს პანდემიის შემდეგ მიეცეს რეაბილიტაციასა და შესაბამისი მომზადების საშუალება," - ნათქვამია მიმართვაში.