20 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მარნეულის მერს აზერბაიჯანელი მწერლის ძეგლის დემონტაჟისთვის გონივრულ ვადას აძლევს

სასულიერო პირის განცხადება, რომელმაც შესაძლოა ეთნიკური შუღლი გააღვივოს - მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ინიციატივით გამოდის. სასულიერო პირი მარნეულის მერს მიმართავს და აზერბაიჯანელი მწერლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟს სთხოვს.

ამისთვის მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ადგილობრივ ხელისუფლებას "გონივრულ ვადას" აძლევს.

სასულიერო პირი თავის ქადაგებაში ამბობს, რომ ის არის ბოლშევიზმის სიმბოლო და საბჭოთა კავშირის ყველა სიმბოლიკა უნდა იყოს განადგურებული. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი არის სწორედ ნარიმანოვის ძეგლი, რომელიც მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზემ, რუსთაველზე არი განთავსებული.

24 მაისს, საკვირაო ქადაგების დროს გაკეთებულ განცხადებაში მეუფე გიორგი ასევე ქალაქის მერს სთხოვს, რომ მოსახლეობას ძეგლის რესტავრაციის გამო ბოდიშიც მოუხადოს.

"ნარიმანოვის ძეგლს და მის პიროვნებას არანაირი დამსახურება საქართველოს წინაშე არ გააჩნია, გარდა მტრობისა, გარდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევისა.

ქალაქის მერი ამას როგორ უნდა კადრულობდეს?! მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, ვაძლევ მათ გონივრულ დროს, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ საბჭოთა სიმბოლოს და საბჭოთა პიროვნების ძეგლის დემონტაჟი," - აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი (ჯამდელიანი).

ქალაქის მერი ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს. ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში არ იმყოფება, შესაბამისად, მისი პოზიცია სასულიერო პირის ქადაგებასთან დაკავშირებით უცნობია.

"კურიერი" მერის ოპონენტებს, ასევე მუსლიმთა კავშირის შეიხს ესაუბრა. მათი განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი კრიტიკით გამოირჩევა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების შევიწროვებას ცდილობს. მათივე თქმით, აუცილებელია ვითარების განსამუხტად პროცესში საპატრიარქო და ხელისუფლება ჩაერთოს.

"ყველაზე ცუდი, რაც მოვისმინე გუშინ იყო ზუსტად მეუფის ქადაგება, როდესაც ბოლშევიზმზე საუბრობდა, მერს რაღაც მითითებებს აძლევდა. სასულიერო პირები არ უნდა ერეოდნენ სახელმწიფო საქმიანობაში, მეუფემ მითითებები საერთო ჯამში არ უნდა მისცეს არჩეულ მერს პირველ რიგში და აქედან გამომდინარე, ისეთ რამეზე საუბარი, რომელიც ეთნიკურ შუღლს გააღვივებს არ შეიძლება. ეს უნდა გადაწყდეს სახელმწიფო საჯარო მოხელეების მიერ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის მიერ," - განაცხადა მარნეულის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ ახმედ იმამკულიევმა.

მუსლიმთა კავშირის შეიხი "კურიერთან" საუბრისას რამდენიმე კვირის წინ გასაჯაროებულ "ფეისბუქ" პოსტს იხსენებს, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანული სოფლების სახელწოდებების შეცვლას ითხოვდნენ. მისი თქმით, აუცილებელია პრობლემების მოსაგვარებლად დიალოგი დაიწყოს. 

"ისე ხდება, თითქოს აქ მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ, არადა აქ ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელებიც ვცხოვრობთ. საქართველო ჩვენი ქვეყანაცაა. რელიგიური დაყოფაც ხდება, რაც ჩვენთვის მიუღებელია," – აცხადებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე სეიდი მირტაგი ასადოვი.

აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ინიციატივა მერს, ზაურ დარგალს ეკუთვნის. წელს აზერბაიჯანელ მწერალს 150 წელი შეუსრულდებოდა.

დღის ამბები