18 აპრილი 2024,   06:56
ვრცლად
თუ საქართველო არ დააბრუნებს ელჩს უკრაინაში, ამით დააკლდება მხოლოდ საქართველოს - გიორგი კანდელაკი

უკრაინაში საქართველოს ელჩი ჯერჯერობით თბილისში რჩება და უცნობია, როდის გააგრძელებს ის საკუთარ საქმიანობას. კონსულტაციების პირველი ეტაპი დასრულდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, როდემდე დარჩება დიპლომატი საქართველოში. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივნის გიორგი კანდელაკის თქმით, თუ ქართული მხარე ელჩს უკრაინაში არ დააბრუნებს, ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება.

"თუ საქართველო არ დააბრუნებს ელჩს უკრაინაში, ამით უკრაინას არაფერი დააკლდება, ამით დააკლდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს. ყოველგვარი საუბარი ელჩის არ დაბრუნებაზე და უკრაინის შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო საქართველო-უკრაინის ურთიერთობების დაზიანებაზე, არის არა მხოლოდ ბრიყვული, არამედ მავნებლური გადაწყვეტილება და დგება პერსონალურად საგარეო მინისტრის, ზალკალიანის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხიც," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საკითხს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილიც ეხმაურება. 

"ეს არის სიგნალი პარტნიორი ქვეყნის მიმართ, რომ ჩვენ რაღაცეები არ მოგვწონს და ჩვენს საქმიანობას თქვენს მიმართ დავაკორექტირებთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ ვიცი რას ელოდებიან, არის თუ არა მხარეებს შორის კომუნიკაცია, მაგრამ არ მგონია, რომ სწორი მიდგომაა კიდევ უფრო ესკალაციისკენ ნაბიჯის გადადგმა, მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად ვეთანხმები უსიამოვნო განცდას, როცა სააკაშვილი დანიშნეს,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის თამარ ხულორდავას თქმით კი, საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

"საქართველოსთვის და უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობას, პარტნიორობას არაფერი დაემუქროს. ჩვენს შორის ურთიერთობა არის ორივე სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, გვაქვს საერთო მიზნები, ამბიციები. ამ ეკონომიკური კრიზისების პერიოდშიც ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან თანადგომა," - განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

 

დღის ამბები