16 აპრილი 2024,   20:11
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს

სკანდალური განქორწინება და ურთიერთბრალდებები თითქმის 6 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის ფინანსურ დახმარებას წყვეტს.

სპორტსმენის ადვოკატის განცხადებით, ეს სპეკულაციების დასასრულებლად - თითქოს ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილის დუმილს ყიდულობდა. უფლებადამცველი ირმა ჭკადუა ასევე ამბობს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან დისკრედიტაციას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. ადვოკატი ამ ეტაპზე არც იმ ვიდეომასალის გასაჯაროებას გეგმავს, რომელიც მისი თქმით, ინციდენტის დღეს არის ჩაწერილი და ბასილაშვილის უდანაშაულობას ამტკიცებს.

ნელი დოროყაშვილი დღეს საკუთარ პრესკონფერენციას არ დაესწრო. მიზეზად ადვოკატებმა მისი ემოციური მდგომარეობა დაასახელეს. თავად უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას სასამართლოზე დაამტკიცებენ, რადგან ამის არაერთი მტკიცებულება გააჩნიათ, თუმცა მათი გასაჯაროებისგან თავს იკავებენ, ვინაიდან ეს ყოფილი ცოლ-ქმრის პირად დეტალებს და მათი შვილის ინტერესებს უკავშირდება. ბრიფინგზე ადვოკატმა ანა აბაშიძემ ყურადღება 100 000 დოლარის საკითხზეც გაამახვილა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არაერთი ინტერპრეტაცია არსებობს. 

ვიდრე ყოფილი მეუღლეები და მათი უფლებადამცველები სასამართლოსთვის მტკიცებულებების შეგროვებით არიან დაკავებულნი, მსოფლიო დონის სპორტსმენის სკანდალზე დასავლური მედია ალაპარაკდა.

ბრიტანული "გარდიანი" წერს, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ყოფილი ცოლის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამო დააკავეს და მას 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ სპორტსმენზე საუბრობს "ფოქს ტენისი". ფაქტს ეხმიანება "როიტერიც". რაც შეეხება ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას, ქართველ კოლეგებთან კომუნიკაცია ამ ეტაპზე არ ჰქონიათ. სანქციებზე საუბარი კი, სასამართლოს დასრულებამდე ნაადრევია. 

ძალადობას გმობს ოლიმპიური კომიტეტი და საზოგადოებას უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს. განცხადება საღამოს გავრცელდა. კომიტეტი ასევე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 

თავად სპორტსმენი მედიასთან კონტაქტს არ აპირებს. პოსტი ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიან ღამით ფეისბუქის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით მან ყოფილ მეუღლეზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. სპორტსმენის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლომ გუშინ იმსჯელა და 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. წინასასამართლო სხდომა პირველ ინსტანციაში 16 ივლისს გაიმართება.

დღის ამბები