20 აპრილი 2024,   07:50
ვრცლად
ცვლილებები 2020 წლის მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში - რა ინიციატივა აქვს "ქართულ ოცნებას"

პარლამენტის მომავალი შემადგენლობისთვის ფრაქციების, ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების რაოდენობის შემცირებაზე, მოქმედი დეპუტატები მუშაობას უკვე იწყებენ. ცვლილებების პროექტი მომზადებულია. "კურიერმა" დღეს გაარკვია, უფრო კონკრეტულად რა მიმართულებით შევა რეგლამენტში ცვლილებები.

ინფორმაციას, რომ ცვლილებები იგეგმება "კურიერს" მმართველი გუნდიც უდასტურებს. ირკვევა, რომ ერთ-ერთი ინიციატორი ირაკლი კობახიძეა. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, რეგლამენტში ცვლილებები პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ფრაქციების, ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების შემცირება ხარჯებსაც შეამცირებს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მოქმედი პარლამენტი მომდევნო შემადგენლობას მუშაობის სტრუქტურას არ უნდა ადგენდეს.

დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის განცხადებით, მომავალი პარლამენტის ახალი შემადგენლობა მაინც იმ ცვლილებებს განახორციელებს, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

"ქართულ ოცნება" კანონპროექტის განხილვებისთვის უკვე მზად არის. უმრავლესობის ლიდერის თქმით, ცვლილებების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგლამენტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაა. რა შეიცვლება ან რა ჩანაწერი დარჩება პროექტში - ეს საკომიტეტო განხილვების შემდეგ გაირკვევა.

რეგლამენტში ცვლილებები სავარაუდოდ ოთხშაბათის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება და ამის შემდეგ ის კომიტეტებს გადაეგზავნება. "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ ცვლილებებს პარლამენტი კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, ივნისის ბოლომდე უყრის.

დღის ამბები