საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოსვლისას ყურადღება COVID-19-ს დაუთმო.
არჩილ თალაკვაძემ ოფიცრებს, ჯარისკაცებს, მედიკოსებსა და პოლიციელებს პანდემიასთან ბრძოლისას წინა ხაზზე ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლა საზოგადოების, სახელმწიფოს, მედიცინის მუშაკთა ერთიანობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჯერ კიდევ გრძელდება.
"მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ეძლევა სახლში დაბრუნების საშუალება, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები; ჰყავს ღირსეული საზოგადოება და ძლიერი სტრატეგიული მეგობრები დასავლეთში.
ქალბატონებო და ბატონებო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას არა ერთი ომი გამოუვლია და სისხლის ფასად ბევრჯერ მოუწია ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა, წელს განსაკუთრებული განსაცდელის პირისპირ აღმოვჩნდით. უხილავმა მტერმა, ახალმა კორონავირუსმა საფრთხე შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; გამოცდის წინაშე დააყენა ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობები.
ვირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანობით, მედიცინის მუშაკთა ძალისხმევით, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ამ პროცესს წარმატებით გაართვა თავი. ჩვენ ერთად შევძელით, რომ სიამაყის ნაპერწკალი კიდევ ერთხელ აგვენთო ერთმანეთის გულებში, კიდევ ერთხელ გვეამაყა ჩვენი სახელმწიფოთი, ჩვენი საზოგადოებით.
ამიტომ ამ ისტორიულ, ემოციურ, ამაღლებულ დღეს მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ. ჩვენი საამაყო ჯარისკაცები, ექიმებთან და პოლიციელებთან ერთად წინა ხაზზე იმყოფებოდნენ პანდემიის შესაჩერებლად. ეს მიღწევები და წარმატებები არის ახალგაზრდა და უფროსი თაობის, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, განსხვავებული მისწრაფებების, ხედვის და პროფესიის მქონე ადამიანების ერთობლივი მონაპოვარი. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს დამოუკიდებელ ერად და სახელმწიფოდ გვამყოფებს.
საქართველოს სახელმწიფო მოწოდებულია ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანის დაცვისა და განვითარებისთვის. საქართველოს სახელმწიფო ყველა თქვენგანს ეკუთვნის. ოფიცრებო და ჯარისკაცებო, დარწმუნებული ვარ ღირსეულად ატარებთ სამხედრო მუნდირს და ერთგულებით, თავდადებით და სიმამაცით დაიცავთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.