19 აპრილი 2024,   09:07
ვრცლად
სამწუხაროდ მაღალი იერარქები ნაციონალიზმის ვიწრო გაგებას გვთავაზობენ - EMC-ის წარმომადგენელი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსზე

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის სკანდალურ განცხადებებს გამოეხმაურა.

ფაქტის შესწავლა EMC-მ უკვე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები და გადაწყვეტილებები სასულიერო პირებმა არ უნდა მიიღონ.

თამთა მიქელაძის თქმით, აუცილებელია სპეციალური კომისია შეიქმნას, სადაც სპეციალისტები და ისტორიკოსები გაერთიანდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით.

"სამწუხაროდ მაღალი იერარქები ნაციონალიზმის ვიწრო გაგებას გვთავაზობენ, რომელიც ყოველთვის გარიყავს და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მონიშნავს. მთავარი დაძაბულობა გაჩნდა ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით.

ნარიმან ნარიმანოვი ნამდვილად კონტრავერსიული და რთული ისტორიული ფიგურაა, საზოგადოების დიდ ნაწილში შეიძლება იყოს მის მიმართ კრიტიკა, მაგრამ ამ საკითხებს სჭირდება ექსპერტების, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მონაწილეობით დემოკრატიული ფორმატები და ამ ფორმით გადაწყვეტა, ეს არ უნდა იყოს სასულიერო პირების გადასაწყვეტი საგანი," - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

მეუფე გიორგიმ მარნეულის მერს ზაურ დარგალს, მარნეულის ცენტრში აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღება მოსთხოვა. სინოდის წევრის თქმით, მარნეულის მერმა ნარიმანოვის ბიოგრაფია არ იცის და ის ერთ-ერთია, ვინც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას ხელი შეუწყო.

 

 

დღის ამბები