25 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
ოპოზიცია პროკურატურას მოუწოდებს, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოყვანილი ფაქტებით დაინტერესდეს

აუდიტის სამსახურის დასკვნა პოლიტიკური შეფასებების და კრიტიკის მიზეზი გახდა. განსაკუთრებით მმართველი გუნდის პოლიტიკურმა ოპონენტებმა ნულოვანი შესრულების გრაფა გააკრიტიკეს. მათი განმარტებით, შესაძლოა საქმე გვქონდეს კორუფციულ ნიშნებთან, ასევე მათი მტკიცებით, ეს ყველაფერი ხელისუფლების არაეფექტიანი მმართველობის ნათელი მაგალითია.

ოპოზიციის შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოყვანილი ფაქტებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

"როდესაც ყველა დიდ პროექტს ასრულებენ საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები, იღებენ დიდძალ ფულს, ფულს ასე ვთქვათ, პირადი ჯიბისთვის და პარტიული ყულაბისთვის; როდესაც ეს ფული გამოიყენება შეღავათიანი ტენდერების გამო საარჩევნო კამპანიაში და უფრო მეტიც, როდესაც 4.6 მილიონი ლარით დაგვაჯარიმეს ჩვენ, ჩვენმა საერთაშორისო საფინანსო კომპანიებმა იმის გამო, რომ არ ავითვისეთ ეს სესხი, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს სქემა აწყობილია კორუფციაზე და პირად ინტერესებზე. უნდა გადაეცეს საკითხი შესასწავლად პროკურატურას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

როგორც ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, ხელისუფლება მოსახლეობის სახსრებს ფლანგავს და აღნიშნულზე არა თუ სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც კი არავინ აგებს პასუხს. გიგა ბოკერიას განცხადებით, რომც არ ჰქონდეს კორუფციას ადგილი, ეს დამღუპველი დამოკიდებულებაა.

"ყველა ჩვენთაგანის ხარჯზე ხდება ჩვენი სახსრების გაფლანგვა და ამისთვის სამართლებრივად კი არა, პოლიტიკურადაც არავინ აგებს პასუხს, ასე უყურებენ ისინი ყველაფერს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი როგორი მავნებლურია ეს მიდგომა, როცა ნებისმიერი მთავრობა, და განსაკუთრებით ეს მთავრობა თვლის, რომ ბიზნესზე, მეწარმეებზე, ადამიანებზე უკეთ შეუძლია განკარგოს ჩვენი ფული. მომავალში ჩვენი გადასახდელი ფულის ხარჯზე იღებენ სესხს და მერე ეს იფლანგება და/ან კორუფციულად რიგდება, არა აქვს მნიშვნელობა. კორუფციას რომც არ ჰქონდეს ადგილი, ეს არის დამღუპველი დამოკიდებულება," - აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა. უწყებამ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

დღის ამბები