20 აპრილი 2024,   14:46
ვრცლად
საკარანტინე ზონების შექმნა იყო ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და სწორი ნაბიჯი - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას საკარანტინო ზონების საკითხსა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. პრემიერის თქმით, საკარანტინო ზონების იდეა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში დაიბადა და მან გაამართლა. 

"არ შემიძლია, არ შევეხო საკარანტინო ზონებს და ამ ნაწილში მინდა, ეკონომიკის სამინისტროს უაღრესად დიდი მადლობა გადავუხადო, ეს იყო იდეა, რომელიც დაიბადა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში, როდესაც ჩვენ ელემენტარულად ვნახეთ, რომ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ხდებოდა უზარმაზარი რისკი. შეიძლება დაგვავიწყდა, რადგან ეს ადამიანები უკვე გამოჯანმრთელდნენ და ნორმალურ ცხოვრებას  დაუბრუნდნენ, გვახსოვს იტალიიდან შემოსული ინფიცირების რაოდენობა და იქ რამდენიმე მსხვილი კლასტერი, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, ეს ხალხი  ყველა დღეს თავისი, ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს იყო დამსახურება პირველ რიგში ექიმების. მაგრამ ეს კლასტერები რომ არ გაზრდილიყო და სწრაფი და რაღაც გაურკვეველი ტესტების პირობებში უფრო დაზღვეული გვქონოდა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მივიღეთ გადაწყვეტილება საკარანტინო ზონების შექმნის, როგორც ბუფერის. ამ ვირუსს აქვს 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, როგორ გახსნას საერთოდ ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეის მდგომარეობით, საკარანტინო ზომები 22 ათასზე მეტმა მოქალაქემ გამოიარა და ამ დროისთვის იქ 3-4 ათასი მოქალაქე რჩება. 

"ვერც ერთი მოქალაქე საკარანტინო ზონიდან ვერ გამოდის ისე, თუ არ ჩაუტარდა მას PCR ტესტირება და ამ ბოლო სამი თვის შრომის შედეგია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ინფიცირებული შემთხვევები მოგვდის ძირითადად საკარანტინე სივრცეებიდან. საკარანტინე ზონების შექმნა ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და სწორი ნაბიჯი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  

 

 

დღის ამბები