25 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნა COVID-19-ის გავრცელებიდან სამი თვის შემდეგ პირველად დაიკავა - გიორგი გახარიამ პარლამენტს ანგარიში წარუდგინა

საპარლამენტო ტრიბუნა პრემიერ-მინისტრმა, COVID-19-ის გავრცელებიდან ზუსტად სამი თვის შემდეგ, საკუთარი სურვილით დაიკავა. სანამ კანონმდებლებს სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს გააცნობდა, გიორგი გახარიამ უკვე მიღებული შეზღუდვების მიზნობრიობა განმარტა.

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული, იყო ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა გვეთქვა, ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება სივრცეში და დროში კონტროლის ქვეშ აეყვანა. ეს იყო ჩვენი ძირითადი ამოცანა, არავინ არ ამბობს და არ აპირებს ამ შეზღუდვების დიდი ხნით შენარჩუნებას. ვერავინ ვერ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ მთავრობამ ან ხელისუფლებამ რაიმე სახის შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა, ეს ყველაფერი იყო გამიზნულად გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შემდეგ, ეტაპობრივად ეკონომიკური განვითარება და მათი სოციალური მდგომარეობა,"- აღნიშნა პრემიერმა. 

მორიგი ვრცელი განმარტება პრემიერმა სწორედ სოციალური და ეკონომიკური ღონისძიებების შესახებ გააკეთა. გაჟღერდა ახალი ინიციატივაც, რომლის მიხედვითაც მთავრობა მოქალაქეებს იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს. გახარიამ განმარტა ისიც, რატომ არის ნაადრევი საუბარი ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისული გეგმაზე.

"უპასუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, ან საერთოდ არაფერი გაეგება ეკონომიკაში. ამიტომ, როდესაც ქვეყანას და მსოფლიოს აქვს მოთხოვნა-მიწოდების ასეთი რისკი და არავინ იცის როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი სულ რაღაც 2,3, 4 თვეში, მას შემდეგ, რაც ეკონომიკა საერთაშორისო ვაჭრობა გადალაგდება, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბარი დღეს არის უპასუხისმგებლობა. მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ანტიკრიზისულ გეგმაზე. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ ზარალს, რომელი სექტორიც მიიღებს, გახლავთ მშენებლობა. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა. ეს არ არის, მხოლოდ კომპანიების დახმარება, ეს არის იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან ამ პროცესში შესულები არიან უკვე, ან პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი, ან დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა მშენებლობის ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული. დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. რომ არ მივიღოთ იგივე შედეგი, რაც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შემდგომ"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ჯანდაცვის ღონისძიებებს შორის, პრემიერმა საკუთარ ანგარიშში COVID ინფიცირებულთა სტაციონარული მკურნალობა გამოყო, რომლითაც მისი თქმით, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით მოწინავე პოზიციაზეა.

"ბევრმა ჩვენზე უფრო ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო, ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში და ისე ემკურნალათ. ამან რა შედეგები გამოიღო ყველამ კარგად ვნახეთ. ჩვენი შედეგი იყო მიღწეული, რა თქმა უნდა, სწრაფი ნაბიჯებით, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობა ყველა ნაბიჯს ათანხმებდა სპეციალისტებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ეს ერთობლივი მუშაობა იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის სამინისტროში იყო შემუშავებული კონკრეტული გეგმა, რომლითაც კლინიკებს ეტაპობრივად რთავდა კოვიდთან ბრძოლაში. ეს მარტივი არ იყო, მაგრამ იყო აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მართა. ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ქვეყანაში არ არსებობს კოვიდით ინფიცირებული არცერთი ადამიანი, რომელმაც ვერ ან არ მიიღო სტაციონალური მკურნალობა,"- თქვა გიორგი გახარიამ. 

საათნახევრიანი ანგარიშის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის, ოპოზიციისა და საზოგადოების მიმართა და მოუწოდა, ერთად იბრძოლონ ვირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.

"ეფექტური სახელმწიფოები ყალიბდებიან სწორედ მსგავსი გამოწვევების პირობებში. რამდენად ეფექტიანად და ერთიანად შეძლებენ, რომ პასუხი გასცენ მსგავს გლობალურ გამოწვევებს. ეს არ არის საქართველოს კრიზისი, ეს არ არის რომელიმე რეგიონის კრიზისი. ეს არის გლობალური კრიზისი და არავინ იცის, როდის დამთავრდება. ამიტომ როგორი იქნება ჩვენი პასუხი ამ კრიზისზე, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას, ურთიერთგადაბრალებას, გაურკვეველ ჭიდაობას არანაირი აზრი არ ექნება, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში. ისინი შეაფასებენ საქართველოს, არც მმართველ ძალას, არც ოპოზიციას ცალკე აღებულს, არც ექიმს, არც ეპიდემიოლოგს, არც პოლიციელს და არც მინისტრს. ისინი შეაფასებენ ქვეყანას და ეს არის შეფასება, რომელიც შეგვიძლია დავიმსახუროთ უაღრესად მაღალი. მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, მთავრობის წევრებს, ოპოზიციას, რომელიც ასევე ხელისუფლების ნაწილია, ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ რაღაც მომენტში გვქონდეს შესაძლებლობა, ვიამაყოთ ერთმანეთითაც და ვიამაყოთ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ შევძელით, სხვებთან შედარებით, სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენი რესურსის გათვალისწინებით, ვყოფილიყავით ყველაზე ეფექტურები და ეს ეფექტურობა გამოვიყენეთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

უახლოეს პერიოდში, პრემიერი პარლამენტში კიდევ ორჯერ მივა. ორ დღეში ინტერპელაციის წესით, ივნისის ბოლოს კი წლიური ანგარიშით.

დღის ამბები