25 აპრილი 2024,   12:03
ვრცლად
11 საათიანი ურთიერთბრალდებების ფონზე წარმართული პარლამენტის სხდომა - პრემიერის ანგარიშს ოპოზიცია აკრიტიკებს

11 საათიანი ურთიერთბრალდებების ფონზე წარმართული პარლამენტის პლენარული სხდომა. გიორგი გახარიას 3 თვის ანგარიში და COVID-19-თან ბრძოლისთვის გატარებული ღონისძიებები ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის მიზეზი ხდება.

ხელისუფლების ოპონენტებს შენიშვნები ჰქონდათ მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით. ისინი ყურადღებას დაკარგულ სამუშაო ადგილებზე ამახვილებენ. 

"ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის გამოცხადებისთანავე, დაავალეთ აქ მსხდომ მაჟორიტარებს, რომ შეედგინათ სიები იმისთვის, თუ ვინ მიიღებდა ამ ეფემერულ დახმარებას. ქვეყანაში შექმენით ეკონომიკური აპარტეიდი, სადაც ხეირობს მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" პრივილეგირებულთა კასტა," - განაცხადა სხდომაზე თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციის განცხადებით, ქვეყანაში არის მოსახლეობის დიდი რაოდენობა, რომლებიც ვერ ადასტურებენ, რომ თვითდასაქმებული იყვნენ, შესაბამისად ისინი დახმარების გარეშე დარჩნენ.

"კატეგორიები, რომელიც გამოყო მთავრობამ, უფრო მეტი გულმოდგინებით იყო საჭირო ამ კატეგორიების გამოყოფა, იმიტომ, რომ დაგვრჩა უზარმაზარი ფენა ადამიანებისა, რომლებიც ვერ ადასტურებენ, რომ თვითდასაქმებულები იყვნენ," - აცხადებს ირმა ინაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე კი ოპოზიციის წარმომადგენლებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის.

"ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები. განსაკუთრებულ მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს, რომელიც წარსდგა პარლამენტში ანგარიშით და მე ვიტყოდი, ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს," - მიმართა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას.

თავად პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, მომავალი 6 თვე ქვეყნისთვის საკმაოდ რთული იქნება.

"ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევები უახლოესი 6 თვის განმავლობაში, ეს ურთულესი 6 თვე იქნება, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური პრობლემების გადალახვის, ეკონომიკური აღორძინების თვალსაზრისით და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის 6 თვეა, როდესაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში სანიმუშო არჩევნები," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები