"გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები კონტრაქტის დაზუსტებას ემსახურება - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში პრემიერის გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
26 მაისს ცნობილი გახდა, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებების შედეგად ბუნებრივი აირის ფასი დაახლოებით 15%-ით მცირდებოდა. თუმცა, გუშინ რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება "ტასსმა“ დაწერა, რომ გაზპრომი საქართველოსთვის გაზის გაიაფებას უარყოფს და კომპანიის განცხადებით, ფასი უცვლელი დარჩება.
"ჩვენი მოლაპარაკება ყველა გაზის მომწოდებელთან, რასაც ამ ბოლო დროს ვაწარმოებთ, მათ შორის გაზპრომთან არის წარმატებული. ეს არ არის ახალი კონტრაქტი, ეს წლის ბოლომდე დადებული კონტრაქტია და მორიგი დაზუსტება შევიდა, რაც ემსახურება უფრო მეტად კონკურენტული გარემოს შექმნას საქართველოში. ფასები ბაზარზე იკლებს, ეს არის კონკურენციის შედეგი, ეს არის მათ შორის გაზპრომთან დადებული შეთანხმების შედგი, ეს არის ასევე აზერბაიჯანული გაზის კლების ტენდენციაც," - განაცხადა ნათია თურნავამ.