24 აპრილი 2024,   01:32
ვრცლად
მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად აიღებენ, მთავრობა იპოთეკური სესხის 4%-იან სუბსიდირებას სთავაზობს - ბექა ლილუაშვილი

მთავრობა იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთს 4%-ით დაასუბსიდირებს, ასევე გამოიყოფა 150 მილიონი იმისთვის, რომ 1,800-მა დევნილმა ოჯახმა ბინები 3 წლით ადრე მიიღოს. მთავრობამ დღეს წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო, დეველოპმენტის და სამშენებლო სექტორის დახმარებას.

რა პირობების სანაცვლოდ ჩაერთვებიან მოქალაქეები ამ პროგრამაში, რა შემთხვევებში მოხდება სესხების სუბსიდირება, რა თანხა არის გათვალისწინებული ამ პროგრამისთვის - "დღის კურიერის" ეთერში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა.

როგორც ბექა ლილუაშვილი განმარტავს, მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად აიღებენ, მთავრობა იპოთეკური სესხის 4%-იან სუბსიდიას გაუწევს. ბექა ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული სუბსიდია შეეხება მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც 200 000 ლარზე ნაკლები იქნება.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, გახდება თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი, ე.წ. გარანტორი და მისი სესხის 20%-ის გარანტიას მოახდენს.

"მოგეხსენებათ, რომ მთავრობამ დღეს წარადგინა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა და მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ სექტორის მხარდაჭერას ამ მძიმე ვითარებაში. იმ სექტორის, რომელშიც კრიზისული შედეგები ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს და დღემდე გვყავს დაუმთავრებელი მშენებლობები, გვყავს დაზარალებული ადამიანები. ეს არის სექტორი, რომელშიც დასაქმებულია 120, 000 ადამიანი და ასევე მასთან დაკავშირებულ სექტორებთან უამრავი თითქმის ერთი ამდენი ადამიანი.

ამიტომ, მთავრობის მთავარი ამოცანაა, ყველა ღონისძიებით, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილი.

რაც შეეხება სესხის პროცენტის სუბსიდირებას, აქ არის ორი კომპონენტი. პირველი ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება - იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის 4%-იან სუბსიდიას გაუკეთებს. ანუ მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს ექნება საშუალება, აიღოს ეს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და ასევე მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 000 ლარზე. ამიტომ ჩვენ განვსაზღვრეთ, რა თქმა უნდა ის სეგმენტიც, რომელიც მეტნაკლებად დაბალ შემოსავლიანია იმიტომ, რომ 200 000 ლარიანი სესხი, ეს არის საშუალო ხარისხის და დონის საცხოვრებელი ბინა.

რაც შეეხება მეორე ინსტრუმენტს, ეს არის სესხის გარანტია და ეს სხვა ინსტრუმენტია აბსოლუტურად. ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც ზოგადად კრიზისი ხდება სექტორში, როგორც წესი იზრდება ბინის პირველადი შენატანები. ეს არის ის შენატანები, რომელთაც მსესხებელი იხდის ხოლმე ბინის შესყიდვის დროს წინასწარ და შემდეგ უკვე დანარჩენ ნაწილზე აკეთებს სესხს. ეს ხელმისაწვდომობას ამცირებს, რა თქმა უნდა კრიზისის პერიოდში და სექტორის მხრიდან გაყიდვების რაოდენობას ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, ასევე გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი, ე.წ. გარანტორი და მოახდინოს გარანტია მისი სესხის 20%-ის," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

დღის ამბები