25 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
1 800-მდე დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართებს დაგეგმილზე 3 წლით ადრე მიიღებს

1 800-მდე დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართებს 3 წლით ადრე მიიღებს - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა. 

პრემიერის მრჩევლის განცხადებით, აღნიშნული პროგრამისთვის 150 მილონი ლარი გამოიყოფა და მთავრობა დაახლოებით 6 000-მდე პირს, გათვალისწინებულ ვადაზე 3 წლით ადრე, მშენებარე საცხოვრებელ ფართს შეუსყიდის.

​ბექა ლილუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დევნილთა სამინისტროს მიერ წინასწარ გაწერილი გეგმის მეშვეობით, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა იმ დევნილ პირებს მიეცემათ, რომლებსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართები ეტაპობრივად უნდა მიეღოთ. ლილუაშვილის თქმით, აქ საუბარია წინასწარ დაგეგმილი გეგმის გადმოწევაზე.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჯანმრთელობის სოციალური დაცვის და დევნილთა სამინისტროს აქვს წინასწარ გაწერილი გეგმა, რომელიც შედგება სხვადასხვა კრიტერიუმებით და მაჩვენებლებით იმ დევნილი ოჯახებისგან, რომლებმაც ეტაპობრივად სახელმწიფოსგან სხვადასხვა დროს უნდა მიიღონ საცხოვრებელი ფართები. ეს არის წინასწარ შედგენილი გეგმა და ამ გეგმის გადმოწევაზეა საუბარი.

საუბარია იმაზე, რომ იმ ინსტრუმენტით, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, 150 მილიონი ლარის დამატებით. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად დევნილ ოჯახებს აძლევს გარკვეული რაოდენობის ბინებს, დაახლოებით 2,000 – 2,500-მდე ბინის დარიგებას ახდენს, გარდა ამ გეგმისა, რომელიც მიმდინარე წლის გეგმით არის გათვალისწინებული, დამატებით 1,800-მდე დევნილ ოჯახს ჩვენ შევუსყიდით მშენებარე საცხოვრებელ ფართს და შესაბამისად, ეს იქნება დაახლოებით 6,000-მდე დევნილი პირი, რომელიც 3 წლით ადრე მიიღებს საცხოვრებელ ფართს," - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო დეველოპმენტის და სამშენებლო სექტორის დახმარებას. მთავრობა იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთს 4%-ით დაასუბსიდირებს, ასევე გამოიყოფა 150 მილიონი იმისთვის, რომ 1,800-მა დევნილმა ოჯახმა ბინები 3 წლით ადრე მიიღოს.

დღის ამბები