25 აპრილი 2024,   17:59
ვრცლად
ენმ-ს და მის პოლიტიკურ მეგობრებს აშინებთ, რომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე საქართველომ გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტების შენიშვნები მიუღებელია, რადგან მთავრობა პანდემიას ეფექტურად გაუმკლავდა.

ხუნდაძის შეფასებით, ოპოზიცია პოზიტიურ შედეგებს ვერ ხედავს, რადგან არ აწყობს წინასაარჩევნოდ.

"ნაციონალურ მოძრაობასა" და მის პოლიტიკურ მეგობრებს არაფერი არ მოსწონთ. არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე საქართველომ გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა. მათ ეს შედეგი აშინებთ. მოდის არჩევნები და ნებიმისმიერი წარმატებული საქმე და თუნდაც ეს წარმატება გადიოდეს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ეს მათ არ აწყობთ. მათი მიზანია პოლიტიკური სარგებელი და სიკეთეს ვერ დაინახავენ. ეპიდემიოლოგიურად ჩვენ უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე სხვა ქვეყნებია. 123 ქვეყანაში ინფიციფრების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.

ცოტა უხერხულია, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ კორუფციაზე და სისხლიან ხელებზე. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ამნეზიის ნიშნები შეინიშნება, მაგრამ საზოგადოებას ეს ამნეზია ნამდვილად არ აქვს. რა თქმა უნდა ეკონიმიკური კრიზისი შეეხო საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს, ასევე მთელ მსოფლიოს. ეს არის პანდემია. გუშინ რომ თქვენ მოგესმინათ მათი პრეტენზიები, აბსოლუტურად უსაგნო, უსაფუძვლო და უშინაარსო. ოპოზიციის ბევრი კითხვა საერთოდ ცდებოდა კორონას. დაგრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ ეს კრიზისი მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ მხოლოდ საქართველოს ეკონიმიკა დაზიანდა და ამაში დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და "ქართული ოცნების" გუნდის წევრები. ჩვენ სწორად ვმართეთ ეს კრიზისი," - განაცხადა ხუნდაძემ.

გარდა ამისა, ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა საპენსიო ფონდთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და სპეკულაციის წყაროა.

"საპენსიო ფონდის განკარგვაზე ვერც მთავრობა და ვერც მოქალაქე ვერ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. მას ჰყავს ორმაგი ფილტრი, სადაც არის სპეციალისტები არამხოლოდ ადგილობრივი,  არამედ უცხოელი სპეციალისტები. ეს ფონდი და მისი გარანტი არის მისი ხელშეუხებლობა. საჭიროება, რომ მისი გამოყენება მოხდეს არც არის და ვერც იქნება. რომან გოცირიძე თავის თანაგუნდელებს უხსნიდა, რომ ეს არის სისულელე. მათაც იციან, რომ ეს არის სისულელე და ეს არ შეიძლება, მაგრამ ეს არის სპეკულანტური დამოკიდებულება.

ასევე შემოიტანეს ახლა კანოპროექტი 3 000-ლარიანი ჯარიმების გაუქმებაზე. ჯარიმა არის იმისათვის, რომ მიზანს აღწევდეს. ეს არის პოპულისტური გადაწყვეტილება. ჯარიმა უნდა იყოს მიზანზე ორიენტირებული და აღწევდეს შედეგს. რთულად გადასახდელია, მესმის, თუმცა რამდენი უნდა დავაწესოთ, რომ იოლად გადასახდელი იყოს, რა ღირს ადამიანის სიცოცხლე. რა თქმა უნდა გათვალისწინებული იყოს გადახდისუნარიანობა, იქნება კიდეც ეს გათვალისწინებული, მაგრამ არა ჯარიმის დაწესების დროს, არამედ ჯარიმის გადახდის დროს. თუ ჩვენ ასე გავაუფასურებთ და მოსახლეობაში გავაჩენთ მოლოდინს, რომ ნებისმიერი ჯარიმა ჩამოიწერება ერთი ხელის მოსმით, მისი საჭიროება როცა დადგება, მას არავინ გაითვალისწინებს. არგათვალისწინება გადის ადამიანების სიცოცხლის ზიანზე. ასეთი იაფფასიანი დამოკიდებულება მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური სარგებლისთვის, არის მავნებლობის ტოლფასი," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძე ასევე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემას განახლება სჭირდება, რათა გახდეს უფრო ეფექტური.

"დარგი არის მუდმივად განახლებადი, სწრაფად განვითარებადი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სწორედ ამ პროგრამამ შეუწყო ხელი, რომ ჩვენ გარკვეულწილად ვიყავით მზად. ვერ ვიტყვი, რომ 100%-იანი მზაობა იყო ან თვითონ სისტემა იყო ბოლომდე უნაკლო, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს სისტემა იყო მზად იმისათვის, რომ მიეღო პაციენტების გარკვეული რაოდენობა და გაეწია დახმარება.

სისტემას სჭირდება განახლება, დახვეწა. ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეფექტური და ასევე ხარჯთეფექტური.  შესაძლებელია იმ თანხით, რაც ჯანდაცვის სისტემაში იხარჯება უფრო მეტი ეფექტი მიიღოს პაციენტმა. რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები რეფორმების დონეზე საჭიროა, თუმცა ეს უნდა მოხდეს დარგის სპეციალისტებთან, ასოციაციებთან. ჯანდაცვის სისტემა პირველ რიგში უნდა იყოს ორიენტირებული პაციენტზე, მაგრამ ექიმების გარეშე ეს სისტემა ვერ იქნება გამართული. ყველა რესურსი არსებობს იმისათვის, რომ ჯანდაცვის სისტემა იყოს უფრო მეტად ხელმისაწვდომი, უფრო მეტად ეფექტური და ასევე ხარჯთეფექტური," - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები