20 აპრილი 2024,   00:15
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებულთა ნაწილს 1000 ლარიანი ჯარიმები დააკისრა 

ბათუმის საქალაქო სასამართლო გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების საქმეებს განიხილავს. ნაწილის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისათვის 1000 ლარიანი ჯარიმები გამოიწერა.

2 პირის სასამართლო პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასაკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის გამო გადაიდო.

გაგრძელდება, თუ არა აქციები, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ყველა პირის პროცესი დასრულდება. გუშინ არეულობა ბათუმის ცენტრში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული 2 პირის განთავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე გზა გადაიკეტა.

"ძალით დამიჭირეს და წამიყვანეს. ვინც ჩემი დაკავების ოქმი წარადგინა, მას მტკიცებულება არ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე რამე დავაშავე. მე ვამბობდი, რომ არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და ცუდი არაფერი ჩამიდენია,"- აცხადებს ამირან ჭელიძე

აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ ისინი მშვიდობიანად გადაადგილდებოდნენ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

"აქციაზე ერთი ორსული ქალი იმყოფებოდა, როდესაც დაპირისპირება დაიწყო მონაწილეებსა და პოლიციას შორის ჩვენ ვეხმარებოდით ამ ორსულ ქალბატონს, რა დროსაც პოლიციამ ალყა შემოგვარტყა და ასე დაგვაკავეს. ჩვენგან ძალადობა არ ყოფილა,"- ამბობს აქციის მონაწილე დავით წულუკიძე. 

დაკავებულების მხარდასაჭერად კი შეკრებილები არიან მათი ახლობლები და ოჯახის წევრები. ისინი სასამართლოს წინ დაკავებულების პროცესის დასრულებას ელოდებიან და მისი დამთავრების შემდეგ არ გამორიცხავენ, როგორც გუშინ, დღესაც საპროტესტო აქცია გამართონ. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტი 5 მაისს ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლებმა მოაწყვეს. დაკავებულების ოჯახის წევრები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ, მათ დახმარებისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართავს, თუმცა ჯერ უცნობია დაიცავს თუ არა საია წულუკიძისა და ანთაძის ინტერესებს. საპასუხოდ შინაგან საქმეთა საიმნსიტრომ გუშინ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, კადრებში ძალოვანი უწყების ინფორმაციით დაკავებულები ფიგურირებენ, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. 

დღის ამბები