24 აპრილი 2024,   22:15
ვრცლად
"150 მლნ ლარი ბიუჯეტიდან საკუთარ სამშენებლო კომპანიების დასაჯილდოებლად" - ოპოზიცია იპოთეკური სესხების სუბსიდირებაში კორუფციულ გეგმას ხედავს

იპოთეკური სესხების სუბსიდირების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას კრიტიკა უკვე მოჰყვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ანტიკრიზისული გეგმის ეს ნაწილი კორუფციის საფრთხეს აჩენს და გაჭირვებული მოსახლეობის დახმარებაზე არ არის ორიენტირებული.

"ეს არის კორუფციული გეგმა, 150 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უნდათ რომ მისცენ საკუთარ სამშენებლო კომპანიებს და ეს პირდაპირ ხელისუფლების კუთვნილი კომპანიებისთვის ფულის შოვნის მექანიზმია. თუ ლტოლვილებისთვის ბინების შესყიდვა უნდათ, მაშინ მისცენ ეს ფული იმ ადამიანებს და ჰქონდეთ არჩევანის საშუალება და იყიდონ იქ, სადაც მათ სურთ.

მთავარი დასკვნა არის ის, რომ ამით მომხმარებელი არაფერს იგებს, თუ ბანკის პროცენტი იყო 10, ახლა გახდება 14," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 

ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ კომპანიების დაჯილდოება სელექტიური მიდგომით მოხდება, რაც მათი თქმით გულისხმობს იმას, რომ შეღავათებს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიები მიიღებენ.

"ძალიან მაღალი რისკია, რომ სელექტიური მიდგომისა და გამოყოფის ფარგლებში, მოხდეს იმ კომპანიების დაჯილდოება, რომლებიც "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან. დაუწესებენ შეღავათებს იმ ადამიანებს, ვინც არიან, ან გახდებიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. ამიტომ, ნებისმიერი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს საყოველთაო და მკაფიო კრიტერიუმებით გაწერილი,"- აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. 

"დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე განმარტავს, რომ ეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯავს ემსახურება და ოპოზიციის სხვა წევრების მსგავსად, ისიც თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს აქტივობა მიმართულია მათთან დაახლოებულ კომპანიებზე. 

"ნებისმიერი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, თუნდაც ერთ სექტორზე მიმართული აქტივობა, ჩემთვის არის არამიზნობრივად ბიუჯეტის ხარჯვა. ეს უფრო ჰგავს იმას, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულ დეველოპერული კომპანიებისათვის მოხდეს ბიუჯეტის ხარჯზე თავზე ხელის გადასმა,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ. 

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 4 %-ით შემცირდება და საშუალოდ 7 %-ს შეადგენს. სუბსიდია შეეხება 200 000 ლარამდე სესხებს და გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში.

 

 

დღის ამბები