25 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
იპოთეკური სესხის თანადაფინანსება - რა გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ მოქალაქეებმა მთავრობის შეთავაზების მისაღებად

ის, ვინც ბინის ყიდვას გადაწყვეტს და წლის ბოლომდე იპოთეკურ სესხს აიღებს, სახელმწიფო საპროცენტო განაკვეთის 4 %-ს 5 წლით დაუფინანსებს. მთავრობის განმარტებით, შეთავაზება ყველა მოქალაქეს ეხება, თუმცა გარკვეული პირობებით: სესხი ლარში უნდა იყოს - სუბსიდია შეეხება 200 000 ლარამდე სესხებს და მომხმარებელმა კერძო საკუთრება დეველოპერული კომპანიისგან უნდა იყიდოს.

პროგრამაში მხოლოდ ის სამშენებლო კომპანიები ჩაერთვებიან, რომელთაც 200 000 ათასამდე ღირებულების ბინები აქვთ. დღეს მეტი დეტალი დეველოპერების შესახებ არ დაკონკრეტებულა.

იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 %-იანი სუბსიდირების პროექტი, მთავრობამ დღეს გაასაჯაროვა. ამ ინიციატივისთვის 70 მილიონი ლარია განსაზღვრული. სამშენებლო სეგმენტის სტიმულირებისა და ბინების ხელმისაწვდომობის კონტექტსში სახელმწიფო იპოთეკური სესხის 20 პროცენტის გარანტორიც ხდება. გარანტიის ნაწილში სახელმწიფო 14 მილიონს დებს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამ შეთავაზებას ორი მიზანი აქვს: ბინების ყიდვის ხელმისაწვდომობის გაზრდა მოქალაქეებისთვის და დეველოპერული სეგმენტის დახმარება.

რატომ გახდა დეველოპერული სექტორი ანტი-კრზისული გეგმის ნაწილი და რატომ შეიმუშავა ხელისუფლებამ ამ მიმართულებისთვის ცალკე მასტიმულირებელი პროგრამა - ამ კითხვებზე მთავრობაში ამბობენ, რომ სამშენებლო სეგმენტს მშპ-ში 9 პროცენტი უკავია და ამ სექტორზე ეკონომიკის ბევრი სხვა სფეროა დამოკიდებული. თუმცა, სეგმენტის დახმარებასთან ერთად, მოქალაქეებისთვის საპროცენტო ტვირთის შემცირებასაც ასახელებენ.

მასტიმულირებელი გეგმა დეველოპერული კომპანიებისთვის სექტორის სტაბილური მუშაობის გარანტიაა. კომპანიებზე პანდემიას, ტრაგიკული გავლენა გაყიდვების მიმართულებით არ მოუხდენია. თუმცა, ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ ზოგადად კრიზისისთვის დამახასიათებელია გაყიდვების არა მხოლოდ შემცირება, არამედ, შეჩერებაც. მათი თქმით, დღეს გასაჯაროებული ანტი-კრიზიუსლი გეგმა სამშენებლო სექტორს, სწორედ ამ რისკისაგან დაიცავს.

რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ახალ შეთავაზებას საბანკო სექტორზე - ამ კითხვაზე საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე პასუხობს, რომ პანდემიამ იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა.

ალექსანდრე ძნელაძის თქმით, განსაკუთრებული ვარდნა აპრილში იყო. მაისში, მისი შეფასებით, ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა პანდემიამდე არსებულ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ასოციაციაში სუბსიდირიების შემდეგ, იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნის გაზრდას ელოდებიან.

ამ ოპტიმიზმს არ იზიარებენ მთავრობის ოპონენტები. იპოთეკური სესხების სუბსიდირების შესახებ, მთავრობის გადაწყვეტილებას კრიტიკა უკვე მოყვა. ოპოზიცია ანტიკრიზისული გეგმის ამ ნაწილში კორუფციის საფრთხეს ხედავს. მმართველი გუნდის ოპონენტები არამიზნობრივ ხარჯვაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ შეთავაზება გაჭირვებული მოსახლეობის დახმარებაზე არ არის ორიენტირებული.

ოპონენტების კრიტიკა არ უკვირთ მმართველ გუნდში. უმრავლესობა ამბობს, რომ ნებისმიერი მათი ნაბიჯი კრიტიკის მიზეზი ხდება.

სახელმწიფოს მხრიდან, საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტიანი სუბსიდირება და სესხის 20 პროცენტიანი გარანტია დეველოპერული სექტორის მასტიმულირებელი 4 პუნქტიანი გეგმის 2 საკითხია. გეგმის მიხედვით, 1800 დევნილი ოჯახი დაგეგმილზე 3 წლით ადრე მიღებს ბინებს, ამისათვის 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამის მეოთხე პუნქტით კი, თუ დეველოპერული კომპანია ბინების 30 პროცენტს ვერ გაყიდის, მათ სახელმწიფო შეიძენს და დევნილებს დაურიგებს. მთლიანობაში ამ ანტი-კზირისული გეგმისთვის 434 მილიონია გაწერილი.

დღის ამბები