25 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
7 დღიანი ვადა ტერიტორიის დასატოვებლად - წინააღმდეგობის მიუხედავად თბილისის მერია რეხის ქუჩაზე 7 სახლის დემონტაჟს განახორციელებს

ხმაური და დაძაბულობა რეხის ქუჩაზე მერიის სამსახურების მისვლის შემდეგ დაიწყო. ადგილზე იმ 7 საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო, რომელიც რეკრიაციულ ზონაში უკანონოდ არის აშენებული. მოსახლეობის მწვავე პროტესტის გამო, ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ადგილობრივები მიწების შესყიდვას მოითხოვენ.

დაგეგმილი დემონტაჟი მოქალაქეების პროტესტის გამო, ერთი კვირით გადავადდა. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა ადგილობრივ 7 ოჯახს ერთკვირიანი ვადა მისცა და განმარტა, რომ მათ რეკრეაციულ ზონაში აშენებული სახლების ნგრევა ამ 7 დღეში უნდა განახორციელონ, წინააღდეგ შემთხვევაში დემონტაჟს მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.

რეკრიაციულ ზონაში, სახლის მშენებლობა ეკა ჩოხელმა და მისმა მეუღლემ ერთი თვის წინ დაიწყეს. სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახლის მშენებლობაში ნათესავები ეხმარებიან. ისინი ამბობენ, რომ არც სხვა საცხოვრებელი პირობები აქვთ და ვერც სხვა ბინის ქირაობას შეძლებენ.

სარეკრეაციო ზონაში უნებართვო მშენებლობაზე კომენტარს აკეთებს ქალაქის მერიც. კახი კალაძის განცხადებით, მიწის ნაკვეთები, სადაც ადგილობრივებმა სახლები ნებართვის გარეშე აიშენეს, სახელმწიფოს საკუთრებაა და დაცულ ზონას წარმოადგენს. ქალაქის მერი კანონის აღსრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

რეხის ქუჩაზე მდებარე ეს ტერიტორია სარეკრეაციო ზონად რამდენიმე წლის წინ გამოცხადდა, მშენებლობის პარალელურად, ადგილობრივები მიწების დაკანონებას ითხოვდენენ, თუმცა უშედეგოდ, რადგან მიწის ამ სტატუსისგან გამომდინარე სამშენებლო სამუშაოები აკრძალულია.

დღის ამბები