17 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
როდის და რა ფორმატში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები - 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი გადაწყვეტილების მოლოდინშია

39 300-ზე მეტი აბიტურიენტი ამ დრომდე ელოდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღის გამოცხადებას. აბიტურიენტებმა 2020 წლის გამოცდები, შესაძლოა, ივლისის ნაცვლად აგვისტოში ჩააბარონ. გამოცდის ფორმატის ცვლილება არ განიხილება. თარიღის ცვლილება კი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

აბიტურიენტები ამბობენ, რომ COVID-19-მა მომზადების პერიოდი გაართულა, გამოცდების ერთი თვით გადაწევა კი დამატებით სტრესთან იქნება დაკავშირებული.

ეროვნული გამოცდების ჩატარების დაგეგმილი პერიოდი ისევ ივლისია. დეტალური გეგმის პრეზენტაცია ივნისში გაიმართება. სწორედ მაშინ დაზუსტდება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის გაცემული რა რეკომენდაციები უნდა შეასრულოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. პრეზენტაციამდეც ცნობილია, რომ საგამოცდო სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანი არ განთავსდება.

გამოცდების ჩატარების თარიღის ცვლილება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ტენდენციაზე იქნება დამოკიდებული. განათლების სამინისტრო დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთად გზამკვლევზე მუშაობს. დოკუმენტი ერთ სივრცეში აბიტურიენტთა მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის გარდა დააზუსტებს როგორ უნდა ნიავდებოდეს ოთახი, რა ტიპის შემოწმება უნდა გაიაროს აბიტურიენტმა, სანამ ის საგამოცდო სივრცეში მოხვდება.

გამოცდების ჩატარების თარიღს და რეკომენდაციების შინაარსს აბიტურიენტების გარდა 3600-ზე მეტი სტუდენტი, 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი ელოდება.

დღის ამბები