24 აპრილი 2024,   07:23
ვრცლად
სამშენებლო ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული მმართველი ძალის დაფინანსებაში - გიორგი კეპულაძე

მთავრობის პროექტს, რომელიც იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტიან სუბსიდირებას გულისხმობს უკვე მოჰყვა სპეციალისტების შეფასება. ექსპერტთა ნაწილისთვის შეთავაზება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მათი თქმით, ხელისუფლებას საშემოსავლო გადასახადი უნდა შეემცირებინა.

"საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე იმასაც უსვამს ხაზს, რომ სამშენებლო ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული მმართველი ძალის დაფინანსებაში:

"მივიღეთ საკმაოდ არსამართლიანი ე.წ დახმარება, რომელიც ისევ გადასახადის გადამხდელების ფულით დაფინანსდება. გამოდის რომ ჩვენ ვისაც ისედაც გვაქვს იპოთეკური სესხი, ახლა ჩვენ სესხთან ერთად პლუს სხვა ადამიანების სესხსაც გადავიხდით. სამშენებლო ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული მმართველი ძალის დაფინანსებაში. შესაბამისად კარგი იქნებოდა ან საშემოსავლო გადასახადის შემცირების, ან რეგულაციების შემცირების გზით წასულიყო მთავრობა," - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია საკუთარ ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც მისი აზრით მოსახლეობას იპოთეკური სესხის ტვირთს შეუმსუბუქებდა:

"ცალსახად ვერ იქნება საკმარისი 4%-იანი საბანკო სესხის თანადაფინანსება, თუ უშუალოდ დეველოპერებმაც არ შეამცირეს ფასი უძრავ ქონებაზე. ჩემი ინიციატივა გახლდათ ფიზიკურ პირებს მისცემოდათ შესაძლებლობა თავისი საშემოსავლო გადასახადი გადაერიცხათ უშუალოდ ბანკის პროცენტის სახით და ამ შემთხვევაში არ იქნებოდა საჭირო რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულიყო დახმარება და ფიზიკური პირი თვითონ დააფინანსებდა თავის უძრავ ქონებას," - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტიანი სუბსიდირების პროექტი პრემიერ მინისტრმა გუშინ გაასაჯაროვა. იპოთეკური სესხი ეროვნულ ვალუტაში მოსახლეობისთვის 7 პროცენტამდე დაიწევს. ამ ინიციატივისთვის 70 მილიონი ლარია განსაზღვრული. სამშენებლო სეგმენტის სტიმულირებისა და ბინების ხელმისაწვდომობის კონტექტსში სახელმწიფო იპოთეკური სესხის 20-ი პროცენტის გარანტორიც ხდება. გარანტიის ნაწილში სახელმწიფო 14 მილიონს ჩადებს.

დღის ამბები