საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2004-2012 წელი ხასიათდებოდა ეკონომიკური ბუმით მთლიანად რეგიონში, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, 8 წლის განმავლობაში სიღარიბე მხოლოდ 4 პროცენტით შემცირდა.
ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერს ინტერპელაციის წესით უსმენენ, მსოფლიო ბანკის მონაცემები წარმოადგინა.
"აქ იყო სიღარიბეზე საუბარი და მარტივი სტატიკური მონაცემები მინდა მოვიყვანო. სიღარიბე 2004 წელს, ანუ იმ წელს, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა მოვიდა ხელისუფლებაში საქართველოში, იყო 34 პროცენტი. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. როდესაც მათ დატოვეს ხელისუფლება 2012 წელს, დატოვეს 30 პროცენტიანი მაჩვენებელი, ანუ 8 წლის განმავლობაში მხოლოდ 4 პროცენტით შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში.
2004-2012 წელი ხასიათდებოდა ეკონომიკური ბუმით მთლიანად რეგიონში, რამაც ბუნებრივია დადებითი გავლენა ჰპოვა საქართველოზეც, ანუ რეგიონში ეკონიმიკური ბუმის პირობებებშიც კი, მხოლოდ 4 პროცენტით შემცირდა სიღარიბე. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. მათი მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით სიღარიბე შემცირდა 10 პროცენტით. ეს მაშინ, როდესაც რეგიონში იყო მძიმე ეკონომიკური ვითარება.
ჩვენ პრინციპულად სწორედ ეს განგვასხვავებს წინა ხელისუფლებისგან, რომ ადამიანი არის ჩვენი მთავარი ღირებულება," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.