19 აპრილი 2024,   10:34
ვრცლად
ტყუილი, ტყუილი, ტყუილი - ეს არის ის სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად ახასიათებს ამ რაღაც ტრაბახს - გიორგი კანდელაკი

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა წარადგინა კონკრეტული ციფრები, რომელიც, მისი თქმით, იმ აიპ-ებსა და სიპ-ებში ირიცხება, რომლის უკანაც ხელისუფლება აქტივისტებს მალავს. კანდელაკმა განაცხადა, რომ პრემიერი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით პირველია ევროპაში. 

"ტყუილი, ტყუილი, ტყუილი - ეს არის ის სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად ახასიათებს ამ რაღაც ტრაბახს. მთავარი ტრაბახი, რაც გავიგეთ გუშინწინ, იყო პრემიერის მხრიდან განცხადება, რომ ჩვენ ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში. ვერ გადავამოწმებდით ამას თუ რა?! ეს არის მტკნარი ტყუილი, პარლამენტის შეურაცხმყოფელი ტყუილი. ეს რაღაც ციფრი მოიცავს მხოლოდ პირდაპირ ხელფასებს, ბიუჯეტიდან გაღებულ ხარჯს და არ მოიცავს სხვადასხვა სიპ-ებში, აიპ-ებში დამალულ პარტიულ აქტივისტებს, უზარმაზარ ხარჯს, რომლის შესახებაც ინფორმაციას თქვენი მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო იცავს იმაზე მეტად, ვიდრე სამხედრო საიდუმლოებას.

გავრილოვის ღამე ხომ გახსოვთ კარგად? და მერე რომ იქ ვითომ აღშფოთებული სტუდენტები მოაგზავნეთ?

და შემდეგ რომ ამოვიცანით ეს ხალხი. მათი ნაწილი იყო გაფორმებული ერთ-ერთ ასეთ აიპ-ში, მაგალითად ამბროლაურში. ჩვენ რაღაც რიცხვები მოვიპოვეთ, სრულფასოვანი სურათი ჯერ არ გვაქვს.

2012 წელს ამბროლაურის აიპ-ებსა და შპს-ებში მუშაობდა 250 კაცი, 2018 წელს - 646. მათთვის გაღებული ხელფასი იყო 2012 წელს 515 ათასი, 2018 წელს - 2 მილიონ 413 ათასი. აქ გგონიათ რამე კონკურსები ტარდებოდა და ვინმე ვინმეს კვალიფიკაციას ამოწმებდა? აქ არის შეყრილი თქვენი წერა-კითხვის უცოდინარი აქტივისტები, რომლებსაც ელემენტარული განათლება არ აქვთ, რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ, ეს ზრდის ტენდენცია გულისხმობს სწორედ ამას, სად შეყარეთ თქვენ პარტიული აქტივი და სად შეიძლება ხარჯების შემცირება,"-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები