19 აპრილი 2024,   12:05
ვრცლად
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშვნას აპროტესტებს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშვნას მართლმსაჯულების გაჯანსაღების საწინააღმდეგო მორიგ ნაბიჯად აფასებს და განცხადებას ავრცელებს. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ უზენაესი სასამართლოს პლენუმის დღევანდელ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვასილ როინიშვილის არჩევის თაობაზე. ასეთი მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაუცველად, მოსამართლეების და საზოგადოების წინასწარი ინფორმირების გარეშე უზენაესი სასამართლოს პლენუმის არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს.

რაც შეეხება თავად ვასილ როინიშვილს, ის არის ე.წ. ჩინჩალაძის კლანის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომლის სახელს უკავშირდება 2008 წელს სავარაუდოდ წამებით მოკლული როინ შავაძის მეუღლეზე ციცინო შავაძეზე ზეწოლის განხორციელება მისი გაჩუმების მიზნით და 2010 წელს მოსამართლე ლალი ლაზარაშვილზე ზეწოლის ფაქტი. ამ დროისთვის როინ შავაძის მკვლელობის საქმე სტრასბურგის სასამართლოს განხილვაშია," - აღნიშნავენ იურისტები განცხადებაში.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის შეფასებითვე, "სასამართლო სისტემაში არსებული კლანი რომელიც ვირუსის მსგავსად უკვე გადაედო საქართველოს პარლამენტს და ამჟამად უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს, ძირს უთხრის ქვეყანაში დამოუკიდებელი და ჯანსაღი მართლმსაჯულების და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას".

დღის ამბები