20 აპრილი 2024,   02:02
ვრცლად
გულწრფელად გეუბნებით, რთულია ახლა ჩემთვის რაღაც დასკვნის გაკეთება, უმძიმესი საყურებელია ეს ყველაფერი - პრემიერმა პარლამენტში გამოსვლა დაასრულა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ინტერპელაციის წესით პარლამენტში გამართული დებატების ბოლოს დასკვნითი სიტყვა თქვა. მან პირველ რიგში მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ საზოგადოება დღეს პარლამენტიდან ეპიდემიასა და ეკონომიკაზე საუბარს ელოდა, თუმცა აქცენტი სულ სხვა თემებზე გაკეთდა. 

პრემიერის თქმით, დღეს საზოგადოება პარლამენტში ეპიდემიასა და რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბარს ელოდა, თუმცა ამის ნაცვლად კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი პროცესი იხილა.

"მინდა მოქალქეებს მივმართო. გულწრფელად გეუბნებით, რთულია ახლა ჩემთვის რაღაც დასკვნის გაკეთება. უბრალოდ მესმის ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ დღეს იყო ინტერპელაცია ორი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის. ეს ადამიანები მოელოდნენ რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებდით ეპიდემიაზე, ეკონომიკასა და კიდევ ბევრ რამეზე, თუმცა დღეს ეს ყველას დაავიწყდა და ყველა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გადავიდა. 

გავიგეთ, რომ ეს პარლამენტია, მაგრამ მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო სიტუაციის პირობებში იმყოფება, როდესაც დღეს 8 ინფიცირებული გვყავს, როდესაც გლობალურ კონკურენციაში გამოწვევები გვექნება - ამ პერიოდში ერთმანეთისთვის რაღაცეების დაბრალება რთულია. ადამიანებისთვის უმძიმესი საყურებელია ეს ყველაფერი, რომელიც კომპეტენციისგან და შინაარსისგან დაცლილია, მორალზე კი საერთოდ არ ვსაუბრობ. სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია ცდილობს ბავშვების გაჭირვება და ჩვენი მოქალაქეების სიღარიბე გამოიყენოს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამართული დებატების ბოლოს. 

პრემიერისთვის ხელის შეშლა სცადა თინა ბოკუჩავამ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გაღიზიანება გიორგი გახარიას შეფასებამ გააღიზიანა, როდესაც პრემიერმა ოპოზიციას სასოწარკვეთილი და დეგრადირებული უწოდა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარია პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით, ბოლო სამ დღეში მეორედ იმყოფებოდა. 

 

დღის ამბები