ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, კორონავირუსის 757 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 600-ია. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების და გარდაცვლილების რაოდენობის გამოკლებით, ამ ეტაპზე, კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 145-ია.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 11 ახალი შემთხვევიდან, 2 არის ბოლნისის წყარო, ხოლო დანარჩენი 9 არის თბილისიდან, ერთ ადრე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები.
"გრძელდება კვლევა თუ არსებობს ამ წყაროში კიდევ ინფიცირებულები," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, ეს ახალი კლასტერი არაა, ცნობილი წყაროა და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევებიდან 8 პაციენტი შევიდა.
"ჩვენთან 8 პაციენტია, თბილისის 8 შემთხვევა, ერთი კონტაქტის ყველა შემთხვევა ჩვენთან დაწვა, მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქადაა შეფასებული," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მის თქმით, კლინიკაში 5 გამოჯანმრთელებული პაციენტია და 4 მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა, ერთი კი დღეს დატოვებს.