20 აპრილი 2024,   08:45
ვრცლად
გეგმა, რომლითაც ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებას გეგმავს - როგორ გადანაწილდებიან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები 

გეგმა, რომლითაც ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებას გეგმავს - დამუშავების პროცესშია. სტრატეგია 2-3 კვირაში გახდება ცნობილი, მანამდე კი ოპოზიცური პარტიები ცალ-ცალკეც და ერთობლივადაც მოლაპარაკებების პროცესში არიან.

ის, რაც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ერთობლივად გადაწყდა, ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევაა, იმ მაჟორიტარულ ერთეულებში, სადაც ზოგ კანდიდატს მოგების მეტი, ზოგს კი ნაკლები შანსი აქვს. შეთანხმდებიან იმაზეც, რომ კონკრეტულ ოლქებში რამდენიმე კანდიდატი დააყენონ, მეორე ტურის ალბათობის გასაზრდელად. ოპოზიციონერები "კურიერთან" ჰყვებიან იმასაც, თუ რას იგულისხმება ფრაზაში, რომელსაც ბოლო დროს ხშირად იყენებენ - "ერთობლივი კოორდინაცია".

ბოლომდე ჯერ ისიც არაა ცნობილი, რა სისტემით ტარდება არჩევნები. ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ როგორც გეგმა A, ისე გეგმა B. ანუ გეგმა 73-77 საარჩევნო სისტემისთვის და 120-30 სისტემისთვისაც.

როგორც არ უნდა გადათამაშდეს პოლიტიკური მოცემულობა, "ლელოს" გეგმა უცვლელია, ისინი მხოლოდ საკუთარი მაჟორიტარებით წარსდგებიან და კოორდინაციას ოპოზიციასთან მხოლოდ ტექნიკურ საკითხებში გასწევენ. კერძოდ, არჩევნების გაყალბების პრევენციის ნაწილში.

"ლელოს" გუნდს შესაძლოა პოლიტიკურ მხარეებიც შეუერთდნენ, ამაზე მოლაპარაკებები ახლა მიდის. იმაში, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში პარტია დამოუკიდებელ თამაშის წესებს ამკვიდრებს, პრობლემას ვერ ხედავს გიორგი ვაშაძე, რომელიც ერთადერთი არ არის, ვინც თბილისში მაჟორიტარობას გეგმავს.

არ არის გამორიცხული, რომ "ლელოს" მსგავსად მაჟორიტარულ ოლქებში გაერთიანებული ოპოზიციიდან სხვა დამოუკიდებელი მოთამაშეებიც ვიხილოთ. "ერთიან საქართველოში" კანდიდატების ვინმესთან შეთანხმებას არ გეგმავენ, თუმცა ოპოზიციასთან კოორდინაციის ფორმებს ამბობენ, რომ მალე დააზუსტებენ. "გირჩი" კი საერთოდ არ აკეთებს გათვლას მაჟორიტარულ კომპონენტზე და ამ ნაწილში მხარს მხოლოდ იმას დაუჭერს, ვინც მის ხედვებთან იქნება ახლოს, განსაკუთრებით კი, მართლმსაჯულების ხედვაში.

ოპოზიციური პარტიები სულ მცირე თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით გეგმის წარმოდგენას 20 ივნისისთვის გეგმავს, მანამდე კი იმედოვნებენ, რომ ქვეყნის საარჩევნო მომავალი უფრო ნათელი გახდება.

დღის ამბები