19 აპრილი 2024,   14:14
ვრცლად
გამოძიება რასობრივ დისკრიმინაციაზე - სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაში მომდევნო კვირიდან გადავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაში მომდევნო კვირიდან გადავა. უწყების ინფორმაციით, გარკვეულ პირთა ჯგუფი და მოქალაქეები ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ. განცხადების მიხედვით, პირები, რომელთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია, საფრთხეს ქართველებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების თანაცხოვრებას უქმნიან და იჭრებიან სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციებში.

დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მომდევნო კვირას გახდება ცნობილი. სწორედ მან გასულ კვირას ამბიონიდან მრევლს უთხრა, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის პატივსაცემი მწერლისა და პედაგოგის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო. ეპისკოპოსმა ქალაქის მერს გონივრული ვადაც მისცა და ბოლშევიკის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღება მოითხოვა. მაშინ ეპისკოპოსმა დააკონკრეტა, რომ განცხადებას ეთნიკურ წარმომავლობასთან კავშირი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ მან დღეს სუს-ის განცხადებაში საკუთარი თავი ვერ ამოიკითხა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ნარიმანოვი ერთადერთი საკითხი არ არის, სადაც ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან დაკავშირებით დისკრიმინაციული და ფაქტები და გამონათქვამები შეინიშნება. EMC-ში ამბობენ, რომ სუს-ის გამოძიება, სავარაუდოდ, დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების დროს გაკეთებულ განცხადებებსაც უკავშირდება. ასევე, კარანტინის პირობებში სოციალურ ქსელში ეთნიკური აზერბაიჯანელების მისამართით გამოთქმულ პოზიციებს. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ სასულიერო პირის გარდა შუღლის გაღვივებას ულტრაკონსერვატიული ჯგუფებიც ცდილობენ, რომლებიც ეპისკოპოსთან დაახლოებული პირები არიან.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მესამე სექტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, დაკითხვაზე დაიბარონ ეთნიკური უმცირესობების აქტიური წარმომადგენლები და ადგილობრივ მუსლიმთა სამმართველოს შეიხიც. პრობლემებს რელიგიური ლიდერიც ხედავს და ამბობს, რომ რეგიონში ქართველებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ხელი ვერავინ უნდა შეუწყოს.

პრობლემაზე სალაპარაკოდ ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა. ამას სოციალურ ქსელში გავრცელებული ის ფოტოებიც მოწმობს, სადაც ჰუჯაბის საეპისკოპოსო რეზიდენციაში სასულიერო პირების შეხვედრა, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფთთან არის ასახული. ვის დაიბარებენ მომდევნო კვირაში გამოკითხვაზე და კონკრეტულად რა ფაქტებზე იქნება საუბარი, ეს უკვე გამოძიების მიმდინარეობის დროს გაირკვევა.

დღის ამბები