24 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, ტოლობის ნიშანი არ დაისმება რურუას გათავისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებს ოპოზიცია, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ითხოვს.

სახალხო მსჯელობა, რომელიც დისტანციურად ჩატარდება, თბილისსა და ბათუმში იგეგმება. საბოლოო კენჭისყრა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით 29 ივნისს უნდა შედგეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საკონტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობისა და რამდენიმე დეპუტატის მხარდაჭერა ექნება.

"დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ტოლობის ნიშანს არ დასვამს რურუას გათავისუფლებასა და ქვეყნაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას შორის,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრების გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს კიდევ რამდენიმე დეპუტატი დაუჭერს, რაც საკმარისი იქნება. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის შეფასებით, ოპოზიცია "ხავსს ებღაუჭება", როცა აცხადებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.

"ოპოზიციის მეორე ნაწილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებებში. მათ შორის, ისეთ ცვლილებებში, რომელზედაც თვითონ ძალიან დიდი სჯა-ბაასი ჰქონდათ გამართული, რომელსაც თვითონ დაეთანხმნენ და ახლა ჩანს, რომ ხავსის ჩაბღაუჭების მომენტი აქვთ, თითქოს რურუა არის პოლიტპატიმარი და ამიტომ არ დაუჭერენ ისინი ცვლილებებს მხარს.

"ქართულ ოცნებას" პოლიტპატიმრები არც ჰყოლია და არც ჰყავს. პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენზე არ იყო დამოკიდებული და ძალიან სამწუხარო არის, რომ ოპოზიცია ხავსს ებღაუჭება," - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები