25 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
ოპოზიციის მთავარ ამოცანად "ქართული ოცნების" დამარცხება რჩება - ოპოზიცია რამდენიმე ტაქტიკურ სვლას განიხილავს

მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის მთავარი პოლიტიკური ამოცანა უცვლელია - არჩევნებზე "ქართული ოცნების" დამარცხება. ამ მიზნის მისაღწევად ოპოზიცია რამდენიმე ტაქტიკურ სვლას განიხილავს, ერთიან კანდიდატზე შეჯერებიდან დაწყებული, მეორე ტურში ძალების გაერთიანებამდე.

"ევროპულ საქართველოში" მაჟორიტარობის კანდიდატების შიდაპარტიული სიის ნაწილი უკვე მზად აქვთ, თუმცა ჯერჯერობით ღიაა საკითხი, პარტიის რომელი წევრი რომელ ოლქში იბრძოლებს. დასაკონკრეტებელია ისიც, რა ფორმით ჩაერთვება "ევროპული საქართველო" საარჩევნო მარათონში - დამოუკიდებლად თუ ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერით საერთო კანდიდატით. 

საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატების სია უკვე ჩამოწერილი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ არჩევნებში გასამარჯვებლად ბრძოლას ოპოზიციურ სპექტრთან ერთად გეგმავენ.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" ერთიან კანდიდატებზე შეჯერება ოპოზიციიის წარმატების წინაპირობაა, თუმცა პარტიაში საერთო კანდიდატებზე შეუთანხმებლობას არ გამორიცხავენ. "ნაციონალური მოძრაობა" მეორე სცენარისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. 

ის, რომ ოპოზიციური სპექტრი ძალების კონსოლიდირებას სწორედ მეორე ტურში აქტიურად განიხილავს, "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემაც დაადასტურა.

ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, თბილისში მაჟორიტარულ ოლქებზე ოპოზიციას კონტურები მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი აქვს, თუმცა, მისივე თქმით, რეგიონებში ჯერ პირველადი შეთანხმებაც არ არსებობს. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარისთვის სცენარის ისეთი განვითარებაც მისაღებია, რომ ოპოზიცია ყველა ოლქში ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდება. 

მეორე ტურის იდეას არ ეთანხმება "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე. გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ მისი გეგმით ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს. სხვა გეგმა მისთვის მიუღებელია. 

ამ ეტაპზე მოძრაობა "ლელოში" სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად კანდიდატები შერჩევაზე მუშაობენ. 30 კაციანი სიის 60 პროცენტი შეთანხმებულია. 

სანამ გადაწყდება, რა საარჩევნო სისტემით მოუწევთ ძალების მოსინჯვა პოლიტიკურ ძალებს 2020-ში, ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევისას, როგორც პარტიების შიგნით, ასევე პარტიებს შორის ორი სცენარით ხელმძღვანელობს - მოქმედი სისტემით, სადაც 77/73-ზე თანაფარდობაა და ახალი სიტემით 120/30-ზე, რომლის მიღებაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დღის ამბები