20 აპრილი 2024,   01:21
ვრცლად
"კიდევ ერთხელ ვამხელთ ხელისუფლებას სიცრუეში" - ოპოზიცია დაკორექტირებული ბიუჯეტის პროექტის შესახებ

2020 წლის დაკორექტირებული ბიუჯეტის პროექტს, ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს.

მომდევნო კვირიდან კი მისი საკომიტეტო განხილვები დაიწყება. ეს ის პროექტია, რომელსაც ოპოზიცია მთავრობისგან უკვე დიდი ხანია მოითხოვს. კონკრეტულად რა იცვლება ბიუჯეტში და რამდენად მისაღები აღმოჩნდება პროექტი კანონმდებლებისთვის - ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მანამდე კი, ოპოზიცია აღნიშნული პროექტის შესახებ წინასწარ შეფასებებს აკეთებს.

"ჩვენ ვნახავთ იმ სიცრუეს, რაშიც ვამხელდით მთელი თვის განმავლობაში ხელისუფლებას და იმას, თუ რატომ არ დაეხმარა საკუთარ მოსახლეობას, ბიზნესს მთავრობა და რატომ დატოვა გასაჭირში თავისი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი. საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ყველაზე ბოლოს გაუწია ფინანსური დახმარება ადამიანებს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი აცხადებს, რომ პროექტის შეფასების მთავრი კრიტერიუმი იქნება ის, თუ რამდენს მოიკლებს საკუთარი ჯიბიდან მთავრობა და რამდენს გაიმეტებს ხალხისთვის.

"მთავრობას საბიუჯეტო ცვლილებები, ჯერ კიდევ მარტში უნდა მოემზადებინა, რადგან როდესაც ქვეყანა ჩაიკეტა და ადამიანებმა შემოსავალი დაკარგეს, მათ პრაქტიკულად, დღემდე სახელმწიფოს დახმარების გარეშე, საკუთარი ვალითა და კრედიტით გაძლო. საბიუჯეტო ცვლილებების შეფასებისას მთავარი კრიტერიუმი იქნება ის, თუ რამდენს მოიკლებს საკუთარი მთავრობა და რამდენს გაიმეტებს ხალხისთვის,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი საპრევენციო ღონისძიებებისა და ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე გახდა საჭირო.

დღის ამბები