16 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
სუს-მა ბათუმში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე თურქეთის მოქალაქეები დააკავა - ამოღებულია 4 ცეცხლსასროლი იარაღი

ბათუმში, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე 9 პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქ. ბათუმში, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს.

გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ქ. ბათუმში ღონისძიება ერთდროულად ორ მისამართზე დაიგეგმა.

ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

"დაკავებული იქნა თურქეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე, რომლებსაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებული იქნა 4 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 პისტოლეტი და 1 სანადირო თოფი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით იძიებს," - განაცხადა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა.

დღის ამბები