25 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
აფეთქება გაზგასამართ სადგურზე - აფეთქების გამომწვევ მიზეზებს ექსპერტ-კრიმინალისტები ადგენენ

ძლიერი აფეთქება ამაშუკელის ქუჩაზე ღამის 10 საათისთვის მოხდა. გაზგასამართი სადგური საცხოვრებელ სახლებთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ადგილზე ხანძარს 6 სამაშველო ბრიგადა აქრობდა. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია. 

აფეთქების ძლიერმა ტალღამ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად კომერციული ფართებიც დააზიანა. ჩამსხვრეულია მინები. ჩამოშლილია შენობებისა და მაღაზიების ფასადის ნაწილიც.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაზ-გასამართი სადგურის თანამშრომელი სპეციალიზებულ ცენტრში გადაიყვანა. 48 წლის მამაკაცს სხეულის 25%-იან დამწვრობასა და დაზიანებულ სასუნთქ გზებზე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

ხანძრის ლოკალიზება 6-მა სამაშველო ბრიგადამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მოახერხა. აფეთქებიდან მალევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მომხდარის ეპიცენტრთან მიახლოებას ცდილობდა. სამართალდამცავებმა ის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

აფეთქების მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ამას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს.

მომხდარის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ "ეკო გაზის" სისტემა, რითიც გაზი ნაწილდება, მწყობრიდან გამოვიდა და ის ერთ-ერთმა კომპანიამ შეაკეთა.

დღის ამბები