რა რაოდენობის ჯარიმის გადხდა მოგიწევთ, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე მიხვალთ - ამაზე პარლამენტი აქტიურ მუშაობას იწყებს. ჯანდაცვისა და იურიდიულ საქმეთა კომიტეტებმა საკანონდებლო ცვლილებები უნდა მოამზადონ. მმართველი გუნდის ინიციატივის დაჩქარებული წესით შემუშავება, კოლეგებს გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ თხოვა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა ახლა, როცა შეზღუდვები მოხსნილია - კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ჯარიმების დაწესებამდე სისტემის მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიცია.
"ჯარიმები სრულიად შეუსაბამო და არაპრევენციული ხასიათის იყო, ამ კანონის შემოღება ნიშნავს იმას, რომ რაღაც უვადოს აკეთებენ, რადგან წესით, ის შეზღუდვები, რომელიც მათი აზრით საჭიროა - უნდა დამთავრდეს და იყოს დროში გაწერილი. როდესაც კანონს იღებენ, ეს არის გზავნილი იმას, რომ გარკვეული შეზღუდვები უსასრულოდ გაგრძელდება," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი.
ოპოზიციაში ასევე თვლიან, რომ ჯარიმებმა შეუძლებელი არ უნდა გახადოს ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა.
"უნდა ვნახოთ, თუ რა იქნება ამ ინიციატივის შინაარსი. რა შეზღუდვებიც იყო მიღებული კარანტინის დროს, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად შერჩევითი პრინციპით იყო გამოყენებული. მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯარიმებმა შეუძლებელი არ გახადოს ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ესაჭიროება,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.