სასულიერო პირი სოლიდური ქონებით - "აი ფაქტი" ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების მიერ მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ სასულიერო პირს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აქვს მიწის ნაკვეთები, რამდენიმე წლის წინ კი ყიფშიძის ქუჩაზე ბინა შეიძინა.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქის ძმისშვილი (ერისკაცობაში – ნოდარ შიოლაშვილი), ბერად 1996 წელს აღიკვეცა. "აი ფაქტი" წერს, რომ ბერს სჯულის კანონის თანახმად საკუთრებაში ქონება არ უნდა გააჩნდეს.
"აი ფაქტის" ცნობით, მიტროპოლიტ დიმიტრის მფლობელობაშია 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა წილკანში, ასევე 1811 კვ.მ. მიწა, ორი შენობა-ნაგებობით ყაზბეგის რაიონში.
გარდა ამისა, 2011 წლის 11 აპრილს მიტროპოლიტმა 266,862 ლარად იყიდა ბინა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე (157.5 კვ.მ.) და ერთ კვირაში ეკატერინე შიოლაშვილს აჩუქა.
"შერჩევითი სამართალი ნამდვილად არის ის, რომ როდესღაც, ვთქვათ, რომელიღაცა მეუფეს მიუთითებენ საეკლესიო კანონების დაცვაზე და ამ დროს თავად არ იცავენ იმ კანონს, რომლის დაცვაც ევალებათ. მეუფე დიმიტრიც არის ერთ-ერთი მათგანი, ვისაც აქვს კერძო საკუთრება თავის სახელზე. საეკლესიო კანონების მიხედვით, ბერი, რომელიც აღეკვეცება ბერად, მას არ უნდა გააჩნდეს არანაირი კერძო საკუთრება, გარდა პირადი მოხმარების საგნებისა.
სინოდის წევრებიდან მრავალი მათგანი ფლობს უძრავ ქონებას და ისინი, რატომღაც არ წუხან იმაზე, რომ თავად არღვევენ საეკლესიო კანონს," - განაცხადა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების "აი ფაქტი"-ს დამფუძნებელმა ნინო ბაქრაძემ.