25 აპრილი 2024,   17:34
ვრცლად
კვლევა მიტროპოლიტი დიმიტრის უძრავი ქონების შესახებ უზუსტობებს შეიცავს - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენელი 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი იოანე გორელიშვილი "აი ფაქტი"-ის კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი სოლიდურ უძრავ ქონებას ფლობს.

როგორც იოანე გორელიშვილი აცხადებს, კვლევა უზუსტობებს შეიცავს.

"თქვენ როგორ ფიქრობთ, უპატრონო ბავშვები იყვნენ და ქუჩაში გაიზარდნენ?!  მათ ჰქონდათ მშობლებისგან დანატოვარი სახლი და ამაზე არის სწორედ ლაპარაკი. მშობლებისგან რაც ჰქონდათ დანატოვარი, ის გადასცეს თავის შვილებს.

რაც შეეხება ვაკის ბინას, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს მის სახელზე არ არის. ეს არის მისი შვილის და მას ჰყავდა მეუღელე. გახლდათ ქორწინებაში. მისი მეუღლე არის გარდაცვლილი, მის მეუღლესაც გააჩნდა ქონება და რა თქმა უნდა დარჩა მის შვილებს. როდესაც ფონდები დაარსდა და დაწესებულებები გაიხსნა, მეუფე დიმიტრი მაშინ გახდლათ მღვდელი და მაშინ არანაირი დაფინანსება არ ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან. წლების განმავლობაში მეუფე საკუთარი ფინანსებით ცდილობდა ბავშვებზე ზრუნვას და მოხუცებზე ზრუნვას," - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა იოანე გორელიშვილმა.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების მიერ მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ სასულიერო პირს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აქვს მიწის ნაკვეთები, რამდენიმე წლის წინ კი ყიფშიძის ქუჩაზე ბინა შეიძინა.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქის ძმისშვილი (ერისკაცობაში – ნოდარ შიოლაშვილი), ბერად 1996 წელს აღიკვეცა. "აი ფაქტი" წერს, რომ ბერს სჯულის კანონის თანახმად საკუთრებაში ქონება არ უნდა გააჩნდეს.

"აი ფაქტის" ცნობით, მიტროპოლიტ დიმიტრის მფლობელობაშია 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა წილკანში, ასევე 1811 კვ.მ. მიწა, ორი შენობა-ნაგებობით ყაზბეგის რაიონში.

გარდა ამისა, 2011 წლის 11 აპრილს მიტროპოლიტმა 266,862 ლარად იყიდა ბინა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე (157.5 კვ.მ.) და ერთ კვირაში ეკატერინე შიოლაშვილს აჩუქა.

დღის ამბები