25 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
მაღალი სამღვდელო იერარქიების ქონებრივი დეკლარაცია აუდიტმა უნდა შეისწავლოს - მამა ანდრია სარია

ყოფილი მღვდელმსახური მამა ანდრია სარია აცხადებს, რომ საპატრიარქოში შერჩევითი სამართალი არსებობს.

ანდრია სარიას თქმით, მაღალი იერარქიების ქონებრივი დეკლარაცია აუდიტმა უნდა შეისწავლოს.

"როცა საეკლესიო პირი არის უმაღლესი რანგის და თან მცირე თანხებზე არ არის საუბარი, კითხვის ნიშნები იკვეთება. ეს მცირე ჩამონათვალია მღვდელმთავრების ქონებების, იმასთან შედარებით, რაც მათ რეალურად  აქვთ. ჩვენ როდესაც ვითხოვდით აუდიტს და არაერთ გზის განგვიცხადებია საეკლესიო ქონებებთან მიმართებაში, რომ გადასცემდნენ საპატრიარქოს და მერე აღმოჩნდებოდა კონკრეტულ პირებზე რეგისტრირებული ქონებები.

ეს კითხვ​ები ჩნდება, აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს ამ ქონების შეძენის ფაქტორიც, რათა ადამიანებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ეკლესიის ქონება დაისაკუთრა და მიითვისა," - განაცხადა ანდრია სარიამ.

"აი ფაქტი"-ის კვლევის მიხედვით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი სოლიდურ უძრავ ქონებას ფლობს.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების მიერ მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ სასულიერო პირს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აქვს მიწის ნაკვეთები, რამდენიმე წლის წინ კი ყიფშიძის ქუჩაზე ბინა შეიძინა.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქის ძმისშვილი (ერისკაცობაში – ნოდარ შიოლაშვილი), ბერად 1996 წელს აღიკვეცა. "აი ფაქტი" წერს, რომ ბერს სჯულის კანონის თანახმად საკუთრებაში ქონება არ უნდა გააჩნდეს.

"აი ფაქტის" ცნობით, მიტროპოლიტ დიმიტრის მფლობელობაშია 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა წილკანში, ასევე 1811 კვ.მ. მიწა, ორი შენობა-ნაგებობით ყაზბეგის რაიონში.

გარდა ამისა, 2011 წლის 11 აპრილს მიტროპოლიტმა 266,862 ლარად იყიდა ბინა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე (157.5 კვ.მ.) და ერთ კვირაში ეკატერინე შიოლაშვილს აჩუქა.

დღის ამბები