24 აპრილი 2024,   22:26
ვრცლად
გაიზრდება თუ არა ე.წ. საბურთალოს კლასტერი - საცხოვრებელ კორპუსს დეზინფექცია ჩაუტარდა

კორპუსი საბურთალოზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით მაღალი რისკის ზონად ითვლება, დაკეტილია. 23 ოჯახი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, მცხოვრებლების ნაწილი კი თვითიზოლაციაშია

ე.წ. საბურთალოს კლასტერს კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევა ჰყავს. ყველა მათგანის წყარო ერთი პირია - საუნივერსიტეტო კლინიკის მედდა, ის ამავე კორპუსში სტუმრად იყო მისული. ადგილობრივების ნაწილი, რომლებიც მკაცრ საკარანტინო პირობებს გადაურჩა და თვითიზოლაციაში დარჩა, ახლა ეპიდემიოლოგების მითითებებს ასრულებს.

დაკეტილ შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ეპიდემიოლოგებმა ჩაკეტვიდან სამი დღის შემდეგ ჩაატარეს. კორპუსის სადარბაზოები და ეზოს მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ხსნარით დამუშავდა. პროცესს ესწრებოდა კორპუსის თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა რომ თვითიზოლაციაში დარჩენილი ოჯახები მკაცრად იცავენ დაწესებულ რეკომენდაციებს, რჩებიან სახლში და ნათესავების დახმარებით საკვებ პროდუქტების მარაგს ივსებენ.

უკვე მესამე დღეა, საუნივერსიტეტო კლინიკის მედდა, ამავე საავადმყოფოში, როგორც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, ისე მკურნალობს. თავად მედდის დაინფიცირების წყარო, ამ დრომდე, უცნობია, თუმცა, ცნობილია მისი კონტაქტების რაოდენობა, რომელიც 100 ადამიანის აღემატება. ყველა მათგანი იდენტიფიცირებული და შემოწმებულია. მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინფექციური საავადმყოფო დღის ბოლოს საბურთალოს კლასტერის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების ზრდასაც ელოდება. სავარაუდოდ, მათი რაოდენობა 24-მდე გაიზრდება. ტრადიციული კომენტარი, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოსთან გაკეთდა, დღეს დადასტურებულ 2 ახალ შემთხვევასაც უკავშირდებოდა. ორივე მათგანი მარნეულის სოფელ მარეთიდანაა. მათი კონტაქტები უკვე დადგენილია.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 796-ია. ამ ეტაპზე, საავადმყოფოში მკურნალობას 150 ადამიანი განაგრძნობს. ინფექციური საავადმყოფოში ამბობენ, რომ მძიმე პაციენტები არცერთ კლინიკას არ ჰყავს.

დღის ამბები