25 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
რა ქონებას ფლობს პატრიარქის ძმისშვილი მეუფე დიმიტრი - "აი ფაქტმა" საპატრიარქოს მაღალი იერარქების ქონების შესწავლა დაიწყო

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ საპატრიარქოს მაღალი იერარქების ქონების შესწავლა დაიწყო. ამჯერად "აი ფაქტმა" მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის უძრავი ქონება გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ პატრიარქის ძმისშვილი, რომელიც ბერად 1996 წელს აღიკვეცა, 1811 კვადრატული მეტრი ფართობის მიწას ყაზბეგის რაიონის სოფელ აჩხოტში ფლობს. მიწაზე ორი შენობა-ნაგებობაა განთავსებული. კვლევის ავტორები ინტერნეტსივრცეში ფოტომასალასაც აქვეყნებენ. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო მიწა სოფელ წილკანშიც.

"აი ფაქტის" კვლევის მიხედვით 2011 წელს დიმიტრი შიოლაშვილმა 266 862 ლარად თბილისში, ვაკის რაიონში, ბინა შეიძინა. ყიფშიძის ქუჩაზე 157 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა მაშინ მშენებარე მდგომარეობაში იყო, ერთი კვირის შემდეგ სინოდის წევრმა უძრავი ქონება ქალიშვილს, ეკატერინე შიოლაშვილს, აჩუქა. უძრავი ქონების გარდა გავლენიანი ეპისკოპოსი კერძო პირებისა და საპატრიარქოს დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციების ხელმძღვანელი და დამფუძნებელია. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირი საერო კანონს არ არღვევს, მაგრამ სჯულის კანონის მიხედვით, ბერს ქონება არ უნდა გააჩნდეს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსი დღეს კამერებთან არ გამოჩენილა. პატრიარქის ძმისშვილის გამართლებას მედიასთან ეპარქიის პრესსამსახური შეეცადა. იოანე გორელიშვილს არ დაუკონკრეტებია, როგორ შეაგროვა გავლენიანმა მაღალიერარქმა ქონება, თუმცა აღნიშნა, რომ ვაკის ბინა მეუფის შვილმა მეუღლისგან მიიღო, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერი ამბობს, რომ 157 კვადრატული მეტრის მშენებარე ბინა ჯერ მეუფემ იყიდა, შემდეგ კი შვილს გადაუფორმა.

ბერ-მონაზონი ანდრია სარია ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებში, რომელიც მაღალმა იერარქებმა ჯერ გააკრიტიკეს, შემდეგ კი საეკლესიო კანონისა და სჯულის კანონის დარღვევის მიზეზით დასაჯეს. წმინდა სინოდის წევრების ბოლო განცხადებებით სავარაუდოა, რომ ანდრია სარიასა და მეუფე პეტრეს სინოდის სხდომაზე განკვეთენ. სწორედ ამიტომ, სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოში სჯულის კანონთან მიმართებით, შერჩევითი სამართალია.

"აი ფაქტმა" პირველად წმინდა სინოდის ქონება 2016 წელს შეისწავლა. მაშინ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ გაარკვია, რომ სინოდის წევრებიდან 6 ეპისკოპოსს ქონება არ გააჩნდა. ახალი დაკვირვებით ორგანიზაციამ იეჭვა, რომ მონაცემები შეცვლილი იყო და 46 ეპისკოპოსის ქონებრივ დეკლარაციებს მიუბრუნდა. კვლევის ავტორები ეპისკოპოსების ქონების გასაჯაროებას კვირაში ერთხელ გეგმავენ.

დღის ამბები