19 აპრილი 2024,   23:41
ვრცლად
ამ შეთანხმების მონაწილე უნდა იყოს ენმ და "ევროპული საქართველო", ამის შემდეგ ყველა, ვისაც სურვილი ექნება - ბობოხიძე მაჟორიტარობის კანდიდატებზე

"ევროპული საქართველოს" წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, არასწორია საუბარი იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ვერ მოახერხა. როგორც ბობოხიძემ "დღის კურიერში" განაცხადა, მოლოდინი არ ყოფილა იმისა, რომ ყველა კანდიდატზე შეჯერება ყველა პარტიასთან მოხდებოდა:

"სავარაუდოდ, მაჟორიტარებზე შეთანხმება შედგება, ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, რომ შედგებოდა აბსოლუტურად ყველა მონაწილეს შორის, მნიშვნელოვანია შეთანხმება შედგეს ძირითად მოთამაშეებს შორის, თორემ ბიულეტენში იქნება სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის ისინი, რომელთა არსებობის შესახებაც ბიულეტენში ჩაწერის შემდეგ გავიგებთ," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძემ კომენტარი გააკეთა იაგო ხვიჩიას განცხადებაზეც, რომელშიც კრიტიკა იყო გამოთქმული იმაზე, რომ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ვერ ხდებოდა და "ლეიბორისტების" ოფისში მიმდინარე ფორმატი აზრს კარგავდა. მისი თქმით, იაგო ხვიჩია ცდება და "ლეიბორისტების" ფორმატს აქვს აზრი ოპოზიციის თანამშრომლობისთვის.

"არასდროს გვითქვამს, რომ ყველა პარტია, რომელიც იქ ვიჯექით, იყო მზად არ ჰყოლოდა კანდიდატები სადმე, მაგრამ ძირითადი ნაწილი შეთანხმებული ვართ. შეთანხმება ნიშნავს, რომ ყველა ოლქი გავიაროთ ცალცალკე და შევთანხმდეთ უნდა გვყავდეს ერთი თუ უნდა გვყავდეს ბევრი კანდიდატი. თუ ერთი უნდა გვყავდეს - ვისი კანდიდატი ჯობია, მიმაჩნია, რომ ამ შეთანხმების მონაწილე უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობა", უნდა იყოს აუცილებლად  "ევროპული საქართველო" და ამის შემდეგ ყველა, ვისაც სურვილი ექნება,"- აღნიშნა ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძის თქმით, არასწორად იქნა გაგებული როგორც შალვა ნათელაშვილის განცხადება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე, ასევე გიგა ბოკერიას განცხადებაც, პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ის მზადაა შეთანხმების საფუძველზე ხონი-ვანი-წყალტუბო-სამტრედიის ოლქში კენჭისყრა დათმოს:

"თუ იტყვიან, რომ არავინ არაა და შენ უნდა იყარო კენჭი, მზად ვარ, ეს როლიც ვიკისრო," - განაცხადა ბობოხიძემ.

დღის ამბები