20 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
არ შეგვიცვლია ჩვენი მოსაზრებები ქვეყანაში ყველა ძალების და ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე - გიორგი ბარამიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძის განცხადებით, პროდასავლური ძალების და ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ოპოზიციის მოსაზრებები და მიდგომა არ შეცვლილა.

როგორც გიორგი ბარამიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, მათი უპირატესობა ქართველი ხალხის ნებაა, რაც "მავნებლური ხელისუფლების მშვიდობიანად მოცილებაში გამოიხატება". მისივე განცხადებით, ქართველ ხალხს ხელისუფლების მიმართ უკვე აქვს გამოტანილი განაჩენი და ეს შედეგი აუცილებლად დადგება. ბარამიძე ამბობს, რომ ოპოზიციის უპირატესობა ქართველი ხალხის ნებაა :

"ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს მავნებლური ხელისუფლება გაუშვას და მშვიდობიანად მოიცილოს თავიდან. თუ წავლენ, ოპოზიციაში წავიდნენ, თუ არა და - შეიძლება, როგორც "მოქალაქეთა კავშირი" დაიშალა, ან აბაშიძის პარტია, ასე გაქრნენ. ამას წინ ვერაფერი დაუდგება," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

ასევე "დღის კურიერის" ეთერში გიორგი ბარამიძემ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციასა და დამოკიდებულებაზე ისაუბრა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, კონსულტაციებს გააგრძელებენ იმისთვის, რათა არჩევნების პირველივე ტურში მაჟორიტარების საერთო კანდიდატების ყოლის საშუალება მიეცეს.

"თუ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია და დამოკიდებულება გაინტერესებთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე პარტიამ განაცხადა, რომ მაჟორიტარულში სხვა პარტიებთან სხვა საკითხებში ითანამშრომლებს, მაგრამ თავისი კანდიდატები ეყოლებათ, რაც ართულებს შემდგომ ამ მიმართულებით შეთანხმებას. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევძლოთ ყველგან პირველივე ტურში მაჟორიტარების საერთო კანდიდატების ყოლა, თუ არა და ამაზეც არ დაინგრევა ქვეყანა. არ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ თუ ასე არ მოხდა, დაგვენგრა ქვეყანა თავზე. ყველა ვარიანტში გავიმარჯვებთ და დამარცხდება ივანიშვილი.

მაშინ მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შეთანხმება თუ შედგა, ეს ძალიან დიდი ამბავია, იმიტომ, რომ მანამდე არც ერთ არჩევნებზე ასეთი რამე არ ყოფილა, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა და ვნახეთ, როგორი დიდი შედეგი მოგვცა ამან მეორე ტურშიც კი," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები