23 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
თურქეთის დაკავებული მოქალაქეები თავშესაფარს ითხოვენ - ერთ-ერთი მათგანი ტერორიზმის საფრთხეზე საუბრობს

საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეები, რომელთაც საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, თავშესაფარს ითხოვენ. საქალაქო სასამართლოს დღევანდელ პროცესზე, სადაც დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოს უთხრა, რომ არსებობს ტერორიზმის საფრთხე, რასაც მისი ოჯახის წევრი შეეწირა, თუმცა მეტი დეტალი არ დააკონკრეტა. 

ერთ-ერთი ბრალდებულის უფლებადამცველის, თამარ დოხტურიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებს თავშესაფრის მოთხოვნას. უნდა ამ ქვეყანაში ცხოვრება. საქართველოში ჰყავს ოჯახი,"- განაცხადა ადვოკატმა.

ერთ-ერთი ბრალდებულის უფლებადამცველის, ელდარ გვალიას ინფორმაციით, არც მისი დაცვის ქვეშ მყოფს სურს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება. მისი თქმით, ის გარკვეულ საფრთხეზე საუბრობს, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.  

"არ უნდა საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება. არ აკონკრეტებს რა საფრთხე ემუქრება. ჩვენდა სამწუხაროდ, შეეფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, რომელიც, კანონის თანახმად, 48 საათის განმავლობაში საჩივრდება. ამ წუთისთვის განჩინება არ ჩამბარებია, ჩავიბარებ, გავეცნობი და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას გასაჩივრება - არგასაჩივრების საკითხზე,"- განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის, მაია სილაგაძის ინფორმაციით, გამოძიება ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. 

"გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა - შენახვის და ყალბი დოკუმენტის შესაძლო შეძენა-შენახვა-გამოყენების მუხლებით. რაც შეეხება ტერორიზმთან დაკავშირებულ რომელიმე დანაშაულს, ამ ეტაპზე არ დგინდება.

მათი შემოსვლის მიზანთან და გარემოებებთან დაკავშირებით თუ რატომ იყვნენ საქართველოში შემოსული, მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ როდესაც მივიღეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პირები იმყოფებოდნენ ბათუმში და უკანონოდ ჰქონდათ გადმოკვეთილი საზღვარი, რა თქმა უნდა, მაშინვე გავატარეთ შესაბამისი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები და აღვკვეთეთ მათი დანაშაული. გარკვეული ინფორმაცია ბრალდების მხარეს ჰქონდა ბინის გაქირავებასთან დაკავშირებით, თუმცა, საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე ვერ ისაუბრებს,"- განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეები პატიმრობაში დატოვა. იარაღის უკანონო ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ 9 პირს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც გირაოს ითხოვდა.

დღის ამბები