20 აპრილი 2024,   16:42
ვრცლად
ვინ არის სუსის თანამშრომელი, რომლის ბინებში დაკავებული თურქეთის მოქალაქეები იმალებოდნენ - "კურიერმა" მისი ვინაობა გაარკვია

"რეალტორი" ის შუამავალი კომპანიაა, რომლის დახმარებითაც თურქეთიდან უკანონოდ შემოსული მოქალაქეები ბათუმის რამდენიმე მისამართზე დასახლდნენ. "რეალტორი" ასრულებდა მთავარ როლს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დიდი სპეცოპერაცია დაგეგმილიყო. სწორედ ამ კომპანიის სახელით იქირავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საცხოვრებელი სახლები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ეკუთვნოდა. წინასწარ მომზადებულ ბინებში გათვლილი იყო ფარული თვალთვალი და მოსმენა.

ბადრი კაკაბაძეა სუსის ის თანამშრომელი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია ბინების უმრავლესობა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა. მისი კავშირი ამ საქმეში მხოლოდ მაშინ გამოიკვეთა, როდესაც "კურიერი" შეეცადა გაერკვია, რას საქმიანობდნენ აჭარაში თურქეთის მოქალაქეები და როგორ ისტუმრებდნენ ყოველთვიურ დავალიანებას. ძალოვანი უწყების წარმომადგენელი საჯაროდ არ ჩნდება.

ბათუმში, დავით კაკაბაძის ქუჩაზე, სამი სახლი ერთმანეთის გვერდიგვერდ თურქეთიდან ჩამოსულ ერთი ოჯახის სამ წევრს მიაქირავეს. ამ დასახლებაში სამი ძმა ოჯახთან ერთად მას შემდეგ დასახლდა, რაც, სავარაუდოდ, თურქ სამართალდამცველებს გამოქცეულებმა თავი საქართველოს შეაფარეს. აქ ფარული საგამოძიებო მოქმედებები მარტის შემდეგ გრძელდებოდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებიდან საქართველოში, ოფიციალურად, არც ერთი არ მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ისინი დააკავეს, გამოძიებისთვის კვალის არევის მიზნით გაჩნდა ვერსია, რომ ბათუმში კერძო ბიზნესის ამუშავება სურდათ.

გამოძიებას დადგენილი აქვს მხოლოდ სავარაუდო თარიღი, როდის გადმოვიდნენ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არალეგალურად საქართველოს ტერიტორიაზე. სავარაუდო დროის ათვლა 2019 წლიდან იწყება. ბუნდოვანია, სად იმყოფებოდნენ ბრალდებული პირები იქამდე, ვიდრე მათ შესახებ სუსი ოპერატიულ ინფორმაციას მიიღებდა.

ზუსტი თარიღების დადგენა გამოძიებას იმიტომ უჭირს, რომ ბრალდებულებმა ქვეყანაში კანონის დარღვევით შემოაღწიეს."კურიერის" ინფორმაციით, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც საქმის მასალების მიხედვით ბათუმში სატვირთო ავტომობილით და სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით აღმოჩნდნენ. ოჯახებთან ერთად კი დღეს უკვე თავშესაფარს ითხოვენ, რომელსაც თურქეთში მომატებული საფრთხეებით ხსნიან. თუმცა, კონკრეტულად რა არგუმენტით, უცნობია.

ბრალდებული პირებიდან უმრავლესობა დუმილის უფლებას იყენებს. ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა და მათ დაასახელეს დაკავებულებს შორის რამდნიმე ადამიანი, რომელთა საკუთრებაშიც, მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ამოღებული საბრძოლო მასალაა.

სასამართლომ პროკურატურას მისცა ორთვიანი ვადა - დაასრულოს გამოძიება და გაარკვიოს, რა მიზნით შემოვიდნენ საქართველოში პირები, რომლებიც თურქეთში ჩადენილ მძიმე დანაშაულებში ფიგურირებენ. თურქული მედია წერდა, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებას და მათ ლიდერს ქალაქ იზმირის პროკურატურა განზრახ მკვლელობას, ძარცვას და კერძო საკუთრების დაუფლებას ედავება. სწორედ ამ ჯგუფის ლიდერი და რამდენიმე წევრია დაკავებული, რომლებიც ამჟამად თბილისში, გლდანის საპატიმროში, იმყოფებიან.

დღის ამბები