24 აპრილი 2024,   19:15
ვრცლად
ქართველი ემიგრანტების საბუთებში თბილისთან ერთად რუსეთი და საბჭოთა კავშირია აღნიშნული - რა ინფორმაციას აწვდიან ემიგრანტები "კურიერს"

დოკუმენტი, რომელიც "დილის კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა "დილის კურიერს" პირადი საბუთები მიაწოდეს, სადაც დაბადების ადგილად თბილისთან ერთად აღნიშნულია რუსეთი, მეორე შემთხვევაში კი საბჭოთა კავშირი.

მათი თქმით, პრობლემა მასიურია. ემიგრანტების მტკიცებით, ადგილზე, სადაც დოკუმენტები გაიცემა უთხრეს, რომ სისტემა ავტომატურად თბილისთან ერთად რუსეთსა და საბჭოთა კავშირსაც აფიქსირებს და ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ.

ემიგრანტებს საკონსულოებისთვის არ მიუმართავთ. ისინი ამ ნაბიჯს შეგნებულად არ დგამენ, რადგან შიშობენ რომ იმ ქვეყნებში, სადაც მრავალი წელია ცხოვრობენ, გარკვეული პრობლემები შეექმნათ.

"მიწერია საბჭოთა კავშირი დაბადების ადგილად. რა თქმა უნდა, მივედი ორგანიზაციაში, რომელიც მეხმარება საბუთებთან დაკავშირებით. ჯერ ვიფიქრე, რომ შეეშალათ. მითხრეს, რომ როდესაც თქვენ დაიბადეთ, მაშინ საქართველო შედიოდა საბჭოთა კავშირში, ამიტომ გიწერიათო. თუმცა საინტერესო ის უფრო არის, რომ 1996 წელს დაბადებულ ადამიანსაც იგივე უწერია. საფრანგეთში აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა მასიურადაა," - აღნიშნა ერთ-ერთმა ემიგრანტმა "დილის კურიერთან" საუბრისას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავსი ტიპის პრობლემის მქონე ადამიანებს ადგილობრივი საკონსულოსთვის მიმართვისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები