20 აპრილი 2024,   12:10
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა ოპოზიციის გარეშე ჩაივლის

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა იწყება. კორონავირუსისა და ხალხმრავლობის თავიდან ასარიდებლად, განხილვები დისტანციურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით ჩატარდება. მასში მონაწილეობის მიღება საზოგადოებასაც შეეძლება. კითხვებს შესაბამისი კომისია დეპუტატებს მიაწვდის.

სახალხო განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც, თუმცა არ დაესწრება ოპოზიცია. მათი მთავარი მოთხოვნა 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებაა, რაც გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

კონსტიტუციის ცვლილებების მორიგი განხილვა უკვე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განხორციელდება. 

"ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოხდება გიორგი რურუას გათავისუფლებაც, იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმების ეს ნაწილი ჩავთვალოთ სრულად შესრულებულად და ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ უკვე შევძლებთ, დავესწროთ ასეთი ტიპის განხილვებს და ასევე მხარი დავუჭიროთ უშუალოდ კენჭისყრის დროს, საკონსტიტუციო ცვლილებებს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

"ევროპული საქართველოს" საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში გეგმავს.

"ევროპული საქართველოსთვის" მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და 120/30 საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ 8 მარტის შეთანხმება იყოს ბოლომდე შესრულებული. შეთანხმების ის ნაწილი განსაკუთრებით, რომელიც ეხება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და აქ გიორგი რურუას საკითხი არის მოუგვარებელი. მას მერე, რაც ეს საკითხი მოგვარდება, ჩვენ ბუნებრივია მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ეკა ბესელიას სურვილია, პარლამენტმა დროულად მიიღოს გადაწყვეტილება და ცნობილი გახდეს, რა სისტემით ჩატარდება არჩევნები.

"მთავარი რეკომენდაცია პირადად ჩემი იქნებოდა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ განხილვების დასრულება. ის მაინც ვერ იქნება სრულფასოვანი, რადგან შეზღუდულია, როგორც საჯაროობა, ასევე მასშტაბი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სახალხო განხილვების და საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ თემის სასწორზე შეგდება უპასუხისმგებლობაა.

"ვფიქრობ, შეკითხვები საინტერესო იქნება. ჯერ იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით ეს განხილვა, შემდეგ კი აჭარის ტელევიზიით გაგრძელდება და თვის ბოლოს მზად ვიქნებით, რომ ამ თემაზე კენჭისყრა გვქონდეს. საკმარისი ხმები ალბათ მოგროვდება, მაგრამ სასწორზე ამ თემის შეგდება არის უპასუხისმგებლობა,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები