19 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
თუ ამჟამინდელი სიტუაცია შევინარჩუნეთ, რა თქმა უნდა სკოლები უნდა გაიხსნას - მაია ბუწაშვილი

აისახება თუ არა მოხსნილი რეგულაციები ქვეყნის ეპიდვითარებაზე - ამის შესახებ ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს.

მისი განცხადებით, წინასწარ შეუძლებელია საუბარი იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მოხსნილი რეგულაციები, თუმცა მაია ბუწაშვილის თქმით, ქვეყანა უარესი სცენარისთვისაც მზად უნდა იყოს.

"რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, ამის წინასწარ პროგნოზირება ვერ მოხდება, თუმცა მთავარი არის ის, რომ ყველანაირი სცენარისთვის, ყველაზე უარესისთვისაც ყველა რგოლი მზად უნდა იყოს. იმედია არ მოხდება შემთხვევათა აღმავლობა და არ დაგვჭირდება ეს გაძლიერებული მზადყოფნა, თუმცა მოდუნების უფლება არ გვაქვს არც ჯანდაცვის სისტემებს და არც ჩვენს მოსახლეობას," - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თქმითვე, თუ სექტემბრისთვის ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია იქნება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებები უნდა გაიხსნას.

"ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე იმ დროისთვის. ამ წუთას ამაზე მსჯელობა ძალიან რთულია იმიტომ, რომ არავინ არ იცის, რა იქნება შემდეგი 3 თვის განმავლობაში. თუ ამჟამინდელი სიტუაცია ჩვენ შევინარჩუნეთ, მაშინ რა თქმა უნდა სკოლების გახსნა აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან ამაზე უკეთესი მდგომარეობა შეუძლებელია იყოს, უკვე ერთეული შემთხვევებია დღე-ღამეში. კორონავირუსი ასე მთლიანად ვერ გაქრება დედამიწიდან," - აცხადებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

მაია ბუწაშვილის განცხადებით, პირბადეების ტარებისთვის ჯარიმების შემოტანა ნაკლებად ამართლებს, ვინაიდან მოქალაქეები ჯარიმების გადახდის შემოვლით გზებს ნახულობენ. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა პირბადეები ატარონ აუცილებელია მათი ინფორმირებულობისა და თვითშეგნების ამაღლება.

დღის ამბები