06 ივლისი 2020,   16:31
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვები ოპოზიციის ნაწილის ჩართულობის გარეშე - მოიპოვებს თუ არა "ოცნება" ცვლილებებისთვის საჭირო 19 ხმას

საერთო სახალხო განხილვები ხალხის გარეშე და ფორმატი, რომელიც პანდემიამ შეცვალა - დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე პირველი საჯარო განხილვა მოქალაქეების მონაწილეობის გარეშე გაიმართა. დაინტერესებული პირები კომისიის წევრებს კითხვებს ონლაინ რეჟიმში უგზავნიდნენ და განხილვა პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემოდა.

საყოველთაო განხილვებში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება გიორგი რურუას გათავისუფლებაზე გადის. ოპოზიცია მათი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე ისევ უარს ამბობს.

ოპონენტების ბრალდებებს ბრალდებითვე უპასუხეს მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გიორგი რურუას საკითხი ოპოზიციისთვის საბაბია, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირონ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ დამოუკიდებელი დეპუტატები. მათი ნაწილი დღეს საჯარო განხილვებსაც დაესწრო. ისინი, ვინც არცერთი პოლიტიკური ჯგუფის წევრები არ არიან ამბობენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი და არცერთ ძალას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა - ქვეყანას ეს შანსი დააკარგვინოს. თუმცა, არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, ვინც 120/30 სისტემის მოწინააღმდეგეები არიან.

მმართველი პარტია სწორედ დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით შეეცდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. "ქართულ ოცნებას" 94 დეპუტატი ჰყავს, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო დამატებით 19 ხმის მოპოვებას კი სწორედ უმრავლესობის და უმცირესობის მიღმა დარჩენილი დეპუტატებისგან შეეცდებიან.

საჯარო განხილვების ფარგლებში მორიგი შეხვედრა 13 ივნისს ბათუმშია დაგეგმილი. ამის შემდეგ, საყოველთაო მსჯელობა დასრულდება და პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. მაჟორიტარების რაოდენობის 30-მდე შემცირებას და პროპორციული წესით 120 დეპუტატის არჩევის საკითხზე საკომიტეტო მოსმენები გაიმართება და საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ცვლილებების მიღებას თვის ბოლომდე შეძლებენ.

დღის ამბები