06 ივლისი 2020,   16:26
ვრცლად
ხე-ტყის უკანონო ჭრა ძამას ხეობაში - თვითმხილველების თქმით ყინწვისის ტყიდან ყოველ ღამე მოჭრილი ხეებით დატვირთულ 10-მდე სატვირთო გამოდის

ძამას ხეობა, სავარაუდოდ, ტყის უკანონო ჭრის ახალი ცხელი წერტილია. სოფელ ყინწვისის მცხოვრებლები "კურიერს" უყვებიან, რომ დღის განმავლობაში ხეობიდან მოჭრილი ხეებით დატვირთული 10-მდე სატვირთო გამოდის. ისინი ტერიტორიას, ძირითადად, ღამით ტოვებენ. ხეობაში რამდენიმე ტყეკაფია - ადგილი, სადაც ხეების ჭრა დასაშვებია, თუმცა, ხეობიდან გამოტანილი ხეების მოცულობა საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ, სავარაუდოდ, ტყის ჩეხვა უკანონოდ ხდება.

ტყის მასივი, რომლის უკანონო ჩეხვაზეც ადგილობრივები საუბრობენ, ყინწვისის მონასტერს ესაზღვრება. ადგილობრივი სასულიერო პირები ხეების მასიურ გაჩეხვაზე არც კონკრეტულ ფაქტებს და არც ინფორმაციას არ ფლობენ.

ძა­მას ხე­ო­ბა­ში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები აქამდეც მრავლად გამოვლენილა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ბოლო შეტყობინების შესვლიდან ტყის მცველებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ერთი ფაქტი უკვე გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდა ქართლში სადაც ძამას ხეობა მდებარეობს წლის დასაწყისიდან დღემდე ხე-ტყის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების 67 ფაქტია დაფიქსირებული. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ოდენობა 71 მ3-ს აღწევს. ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილია 2 უკანონო სახერხი. ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ მაისში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობა 553 მ3-მდეა. წლის დასაწყისიდან დღემდე პერიოდში კი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ოდენობა 2000 მ3-ს აღწევს.

წლის დასაწყისიდან დღემდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: ყველაზე მეტი სამართალდარღვევა კახეთშია გამოვლენილი, ყველაზე ნაკლები - თბილისში. 45 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

რამდენად მასშტაბურია ხე-ტყის უკანონო ჭრა ძამას ხეობაში - ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილზე მოკვლევა გრძელდება. გარემოზე მიყენებული ზარალის შეფასებით დადგინდება სანქცია ფულადი ჯარიმა იქნება თუ სისხლის სამართლებრივი დევნა.

დღის ამბები