25 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა იქნება საქართველოს იმიჯისთვის - მარიამ ჯაში

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა დამატებითი განმარტებები გააკეთეს. უმრავლესობა გუშინდელი შედეგით კმაყოფილია და თვლის, რომ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. განხილვებს არ ესწრებოდა ოპოზიცია. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ გიორგი რურუას გათავისუფლებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, თუმცა ამის პრობლემა უმრავლესობაში არ აქვთ, რადგან მათ ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები მაინც ექნებათ.

"ჩვენთვის საინტერესო იყო შეკითხვების მოსმენა, ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა და ვფიქრობთ, რომ ზედმიწევნით დავფარეთ ყველა პრინციპული საკითხი, რომელიც ამ კანონპროექტს უკავშირდებოდა. რაც შეეხება ხმის მიცემას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის 113-ზე მეტი ხმა რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო, რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ამტკიცებდნენ რომ უგულავას, ოქრუაშვილის და ასევე რურუას გათავისუფლება იყო ამ შეთანხმების ნაწილი, რაც არის მართლმსაჯულებისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის არასათანადო პოლიტიზება," - აცხადებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა იქნება როგორც მმართველი გუნდის ასევე საქართველოს იმიჯისთვისაც და გაჭირდება რეაბილიტაცია:

"თუკი კიდევ ერთხელ "ქართული ოცნება" ჩააგდებს აღნიშნულ ინიციატივას, ეს იქნება იმდენად დიდი დარტყმა არა მხოლოდ მმართველი გუნდისთვის არამედ საქართველოს იმიჯისთვის, ვფიქრობ ძალიან რთული იქნება "ქართული ოცნებისთვის" რეაბილიტაცია. თუკი ოპოზიციური პარტიებს აქვთ სურვილი, რომ რეალურად წინ გადავდგათ დემოკრატიისკენ ნაბიჯი, ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური კონსოლიდაცია," - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი მმართველ გუნდს აფრთხილებს, რომ უმრავლესობის მობილიზება მოახდინოს:

"ჩვენი, პატრიოტების და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმები სავსებით საკმარისია, ამიტომ მე ვურჩევ ქართული ოცნების უმრავლესობას, ახლა იზრუნონ იმაზე, რომ უმრავლესობა იყოს მობილიზებული და მერე არ აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე რომ ხუნდაძეებმა ეს პროექტი ჩააგდეს," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები