19 აპრილი 2024,   01:46
ვრცლად
კორონავირუსით დაავადებულთა დაახლოებით 90% უკვე გამოჯანმრთელდა - მარინა ეზუგბაია COVID-19-ის მონაცემებზე

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 805 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 650-ია, რაც საერთო შემთხვევების დაახლოებით 90%-ს შეადგენს.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების და გარდაცვლილების რაოდენობის გამოკლებით ამ ეტაპზე კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 142-ია.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 4 ახალი შემთხვევიდან 2 არის ე.წ. საბურთალოს წყაროდან და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენს, ხოლო 2 - საკარანტინო ზონიდან. ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევებიდან არც ერთი პაციენტი არ შესულა.

"ჩვენ გუშინ 5 გამოჯანმრთელებული შემთხვევა გვყავდა, რომელმაც დატოვა კლინიკა გუშინვე," - განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი 52 პაციენტს აქვს, მათგან მძიმე, პრობლემური პაციენტი არც ერთი არაა.

"გვყავს რამდენიმე პაციენტი მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება არ შეინიშნება და ალბათ მათი მდგომარეობა გამოჯანმრთელებით დასრულდება," - აღნიშნა ეზუგბაიამ.

შეკითხვაზე, როგორ უნდა დაეხმაროს საქართველო მეზობელ სომხეთს, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით მონაცემები საგანგაშო ნიშნულზეა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ეს მისი კომპეტენცია არაა და სახელმწიფოს გადასაწყვეტია:

"ეს ჩემს კომპეტენციაში არაა და შემეკითხეთ რაზეც მე შემიძლია პასუხი გაგცეთ. ჩვენი პირადი გრძნობები მეორე რამეა და სახელმწიფოს გადაწყვეტილება სხვა რამეა, ამიტომ კითხვები იყოს შესაბამისი," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები